ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი და მისი ფასი, მუდამ არის სოციუმის მთავარი ინტერესის საგანი. მოახლოებული აღდგომის ფონზე, მუდმივად ისმის მომხმარებელთა უკმაყოფილო დიალოგები კვერცხის, ქათმის, ზოგადად, რძის ნაწარმისა თუ აგრარული კულტურების ფასის ცვლილების, უმეტესად, ზრდის შესახებ.
გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, ახლა, მარტის ბოლოსთვის, აგრარული კულტურების ფასი არც ისე მაღალია. კონკრეტულად ბოსტნეულის ფასის შესახებ იმიტომ ვიწყებთ საუბარს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე გაისმოდა ბადრიჯნის, პომიდვრის, კიტრის, ნივრის თუ მწვანილეულის ფასის მოულოდნელი ზრდის შესახებ .
20 მარტისთვის ოზურგეთში ერთი კილოგრამი ბადრიჯნის ფასი 10 ლარია. თუმცა წინა დღეებში 12 ლარიც იყო. ეს მაშინ, როცა დიდ ქალაქებში, როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, ერთი კილოგრამი ბადრიჯანი 17 ლარი ღირდა, რასაც სოციალურ ქსელში დაპირისპირებაც კი მოჰყვა. კერძოდ, მომხმარებელთა ნაწილს არ სჯეროდა, რომ ამხელა ფასი ჰქონდა ერთ კონკრეტულ ბოსტნეულს. ასევე, პირიქით, ზოგი ამტკიცებდა, რომ ფასები კიდევ უფრო იზრდებოდა. ერთი კილოგრამი ბულგარული წიწაკა ცხრა ლარი ღირს; ერთი კილოგრამი კიტრი _ 5,50 ლარი. იგივე ფასი აქვს (ან ერთი ლარით მეტი) პომიდორს. არის ზოგი სახეობა პომიდვრისა, რომელიც ერთი კილოგრამი 9 ლარიც ღირს. ასევე, ერთი კილოგრამი ნიორი, საშუალოდ, 9 ლარი ღირს.
საკვები პროდუქტების კვირიდან კვირამდე გაძვირება-გაიაფება ხალხმა ირან-ისრაელის დაპირისპირებასაც კი დაუკავშირა და ერთგვარი შიშითაც ამბობენ, რომ მალე შიმშილობის დაწყებაც კი იყო მოსალოდნელი. თუმცა, ორიოდე დღის შემდეგ, კიტრის, პომიდვრის, კარტოფილის, სტაფილოს თუ სხვა ბოსტნეულის ფასები, ამ დროის (როგორც გურიაში ეძახიან, “განმარტების”) შესატყვისად, ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მოსახლეობის ხელფასს და პენსიას თუ გავითვალისწინებთ, მაინც მაღალია.
კვერცხს რაც შეეხება, სოფლიდან ჩამოტანილს, ქალაქში 60 თეთრადაც იბარებენ და შემდეგ 70-ად ყიდიან.
_ რატომ ვართ გადამყიდველები? სოფლიდან ჩამოიტანა ადამიანმა და ჩამაბარა, მე კი ვყიდი. რა ვიცი, დისტრიბუციაზე არის აგებული მთელი მსხვილი თუ საშუალო ბიზნესი. დააქვთ დისტრიბუტორებს და მარკეტებში შეტანილ პროდუქტს მერე იქ ფასნამატით ყიდიან. იმათ ეძახით გადამყიდველებს? ამ დილით სოფლიდან ჩამოსული ადამიანი კვერცხს მითვლიდა, ფული უნდა გადამეხადა. მეტაკა ვიღაც გამვლელი, მეც 60 თეთრად მინდაო. სულ გადამყიდველი და “სპეკულანტი” მიძახა. სხვა სამუშაო რომ გვქონდეს, ამ ტროტუარზე და დახლთან კი არ დავეყრებით! _ ბრაზობდა ნაზიმ ბერიძე, რომელიც თავადაც სოფლიდან ჩამოდის, მთელი დღის განმავლობაში, უმეტესად, ფეხზე დგას და ასე შოულობს, როგორც თავად გვეუბნება, პურის ფულს.
ერთი კილოგრამი ყველი ახლა ოზურგეთის ბაზარში 13-14 ლარი ღირს; ერთი ლიტრი რძე _ 2,50 ლარი; ერთი კილოგრამი ნადუღი _ 5 ლარი. კვერცხის ფასი კი თანდათან მატულობს _ წინა კვირაში ერთი ცალი 50 თეთრი ღირდა, მერე _ 60 თეთრი და მარტის ბოლოს უკვე 70 თეთრი ღირს.
_ კვერცხის მეტი რაა მაღაზიებში. ვიყიდი და შევღებავ. რა ვქნა, აბა? მალე სოფლის კვერცხი, შარშანდელივით, სააღდგომოდ ერთი ლარი გახდება, ალბათ. ერთ ლარად კი, ორ ცალს ვიყიდი მაღაზიაში. შევღებავთ და თავის დანიშნულებას ისიც შეასრულებს, _ გვითხრა ნონა კვირკველიამ, რომელიც, თავისივე თქმით, სხვადასხვა სანელებლებს, ფქვილს და შაქარს ყიდულობდა.
ყველაზე ძვირი ახლა ოზურგეთის ბაზარში ცოცხალი ქათამი და გოჭია. საშუალოდ, ერთი დედალი 35-4 0 ლარი ღირს, გოჭის ცოცხალი წონა კი, ერთი კილოგრამი 17 ლარია.
როგორც აქ ამბობენ, სააღდგომოდ, სავარაუდოდ, ეს ფასები კიდევ უფრო თუ მოიმატებს.
ამ დროისთვის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს შემონახული გასაყიდი თხილი.
_ ამ დღეებში მივიღეთ თხილი, ერთ კილოგრამში 9-10 ლარი გადავუხადეთ. ბევრი არ იყო, მაგრამ ხარისხით საუკეთესო იყო, _ გვითხრა ერთ-ერთი მიმღები პუნქტის ოპერატორმა, ცირა ქილიფთარმა. მანვე გვითხრა, რომ მოსახლეობაში ბევრს არა, მაგრამ გარკვეულ რაოდენობას მცხოვრებლებისას, თხილი აქვთ შენახული და უფრო სააღდგომოდ ჩააბარებენ. ხარისხი თუ კარგი იქნება, ფასიც კარგი აქვს.
სურსათის მაღაზიებს და მარკეტებს რაც შეეხება, აქ პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასი შედარებით ხელმისაწვდომია _ ერთი ლიტრი ზეთი, შესაძლებელია, 4,80 ლარად იყიდო. ერთი კილოგრამი შაქარი კი _ 1,75 ლარად.
_ ოზურგეთის ყოველდღიური ბაზარი საკმაოდ ერთფეროვანია. რამდენიმე წლის წინ გაცილებით მეტი ადამიანი ვაჭრობდა ჩვენთან. მესამედზე მეტი წავიდა. ზოგმა მიატოვა აქ მუშაობა, ზოგიც უცხოეთში დასაქმდა. სააღდგომოდ ფასები შედარებით მოიმატებს, თუმცა, ეს რამდენიმე სახის პროდუქტზე თუ იქნება. ამ დროს ხალხი სოფლის პროდუქტს, უმეტესად, კვერცხს, ყველს, ხორცეულს ეტანება და შესაბამისად, ფასი იმატებს. ისე კი, შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, წელსაც იგივე მდგომარეობაა ფასების მხრივ. არ არის უარესად საქმე, _ გვითხრა შპს “სოფლის ნობათის” დირექტორმა (ოზურგეთის ბაზარი) სოსო სიხარულიძემ, როცა გასული წლის ამ პერიოდის საბაზრო ფასებთან შედარება ვთხოვეთ.
The post მოახლოებული აღდგომა და მზარდი ფასები appeared first on გურია ნიუსი.