სააგენტო "პარალელი"
“ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან” – ნიკა გვარამია
ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ წელიწადნახევრიანი პატიმრობის მისჯას საგანგებო ბრიფინგზე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება – “ალიანსი”. განცხადება გააკეთა “ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ:
“საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს [მოსამართლე] გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტრით, რითიც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტრით ჩადენილი დანაშაულისთვის – პირველად, საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ და შევჩერდები.
მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს ბრალი, ბრჭყალებში ბრალი – ქვეყნის სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ არ თმობს; იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში არა მხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია და დიახ, დღეს ფასი აქვს არა მხოლოდ გულში მღერას, არამედ ხმამაღლა საუბარსაც.
კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს, ქოცური ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისას, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება.
არ იქნება ყველაფერი ნორმალურად იმიტომ, რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად ქოცებისთვის იმიტომ, რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. “ეს ამად არ ღირს” – ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვებ, ასე მიუაჩნიათ ქართველ პატრიოტებს.
მე, კვლავ, პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას – ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ ეს არ მოხდება და მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არგადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად, მიგვაჩნია, ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა.
მე მინდა გავამხნევო ელენეს ოჯახი, მინდა გავამხნევო მისი ოთხი შვილი, მინდა გავამხნევო მისი ქმარი და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი. პირველ რიგში კი მინდა გავამხნევო მთელი პატრიოტული საქართველო – ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან“, – თქვა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
“ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან” – ნიკა გვარამია
პარალელი