სააგენტო "პარალელი"
“გარწმუნებთ, დადგება დრო, როდესაც კანონის დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა ის პირი, ვინც დღეს საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს!” – ტელეკომპანია “თრიალეთის” მიმართვა ფინანსთა სამინისტროსადმი
ტელეკომპანია “თრიალეთი” განცხადებას ავრცელებს და ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული შეხსენება/მოთხოვნებით მიმართავს:
“ტელეკომპანია “თრიალეთმა” მრავალჯერ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის შესახებ. თუმცა, არც ერთ განცხადებაზე პასუხი არ მიგვიღია.
ამასთანავე, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტმა, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ოფიციალურად გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან. უწყებამ დაადასტურა განცხადებების მიღება და მათ მიენიჭა რეგისტრაციის ნომრები: 17125/01 და 16614/01.
მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ 10 დღის ნაცვლად გავიდა 50 დღე, ფინანსთა სამინისტრო არღვევს კანონს და არ აწვდის ჟურნალისტს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას.
ამ ვითარებაში, საჯაროდ და ღიად მივმართავთ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბერაიას, და მოვითხოვთ შემდეგი ინფორმაციის დაუყოვნებლივ მოწოდებას:
* საქართველოს რამდენ ტელევიზიას აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება და რამდენს, ადევს ინკასო საბანკო ანგარიშებზე;
* რამდენ და რომელ ტელევიზიასთან მოხდა ვალის რესტრუქტურიზაცია, საგადასახადო შეთანხმება ან გადავადება;
* რა ოდენობის დავალიანებაზე, რა თანხის ჩამოწერით და რა პირობებით იქნა რესტრუქტურიზებული “რუსთავი 2”-ის ვალი და ამჟამად, რამდენია მათი დავალიანება;
* რამდენია ტელეკომპანია “იმედის” ვალი, მოხდა თუ არა მათი ვალის ჩამოწერა ან გადავადება, თუ უბრალოდ, სახელმწიფო არ სთხოვს დავალიანების გადახდას.
აქვე, გთხოვთ, გვიპასუხოთ, რატომ არ იცავთ კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მსგავსად, რატომ არ ახდენთ ტელეკომპანია “თრიალეთის” ვალის რესტრუქტურიზაციას? რატომ იყენებთ უკიდურეს იძულებით ზომებს მხოლოდ “თრიალეთის” მიმართ და საფრთხეს უქმნით ტელეკომპანიის არსებობას?
მოგიწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, ახლა უკვე, საჯაროდაც ნუ დაარღვევთ კანონს, და დადგენილ ვადებში მოახდინეთ მოთხოვნილი ინფორმაციის გადმოცემა – საჯაროდ ან უშუალოდ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ.
გარწმუნებთ, დადგება დრო, როდესაც კანონის დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა ის პირი, ვინც დღეს საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს!“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
“გარწმუნებთ, დადგება დრო, როდესაც კანონის დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა ის პირი, ვინც დღეს საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს!” – ტელეკომპანია “თრიალეთის” მიმართვა ფინანსთა სამინისტროსადმი
პარალელი