“დასაფლავების კადრებმა არ უნდა შეგვაცდინოს: პატრიარქი წინააღმდეგობრივ ფიგურად დარჩება, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე გამსახურდია”– გია ნოდია — Cnoba

Alia სიახლე 23 Mar 2026, 12:08

პოლიტოლოგი გია ნოდია: დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი ფიგურა, რომელმაც ერთგვარად კანონიკური, ნომინალურად გამაერთიანებელი სტატუსი შეიძინა: ზვიად გამსახურდია და ილია II. მე მგონი, არ მეშლება: ეს ორი პიროვნებაა, ვისაც ერის უმრავლესობა ბოლო 40 წლის ყველაზე დიდ ქართველებად აღიარებს. თუ ასეა, ეს თვალსაჩინო პარადოქსია. როგორც ამ დღეებში ბევრმა გაიხსენა, სიცოცხლეში გამსახურდია და პატრიარქი დაპირისპირებული ფიგურები იყვნენ და […] The post “დასაფლავების კადრებმა არ უნდა შეგვაცდინოს: პატრიარქი წინააღმდეგობრივ ფიგურად დარჩება, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე გამსახურდია”– გია ნოდია appeared first on .

პოლიტოლოგი გია ნოდია:
დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი ფიგურა, რომელმაც ერთგვარად კანონიკური, ნომინალურად გამაერთიანებელი სტატუსი შეიძინა: ზვიად გამსახურდია და ილია II. მე მგონი, არ მეშლება: ეს ორი პიროვნებაა, ვისაც ერის უმრავლესობა ბოლო 40 წლის ყველაზე დიდ ქართველებად აღიარებს.
თუ ასეა, ეს თვალსაჩინო პარადოქსია. როგორც ამ დღეებში ბევრმა გაიხსენა, სიცოცხლეში გამსახურდია და პატრიარქი დაპირისპირებული ფიგურები იყვნენ და დღესაც პატრიარქის ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები, როგორც წესი, „ზვიადისტები“ არიან.
აღსანიშნავია, როგორ შეიცვალა ზვიად გამსახურდიას იმიჯი დროთა განავლობაში. სიცოცხლეში ის არა გამაერთიანებელი, არამედ მაპოლარიზებელი ფიგურა იყო; ეს გამოიხატა როგორც მისი დამხობის ფორმაში, ისე მის შემდგომ პერიოდში, როდესაც მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირიპირება „ერის გახლეჩის“ თვალსაჩინო გამოხატულებად იქცა.
დრომ ეს რადიკალურად შეცვალა: დღეს გამსახურდიას თითქმის არავინ აკრიტიკებს. „ზვიადისტები“ ამაყობენ პირველი პრეზიდენტის ერთგულებით, ხოლო ოდინდელი „ანტიზვიადისტები“ მაინცდამაინც არ იხსენებენ თავის იმდროინდელ პოზიციას.
პატრიარქი სხვა შემთხვევაა: მისი დასაფლავების ვიზუალმა „ერის მთლიანობის“ შთაბეჭდილება შექმნა. ძნელია უარყოფა, რომ გუშინ ილია II-ის მიმართ სახალხო სიყვარულის გულწრფელი გამოხატულება ვნახეთ.
მაგრამ პარალელურად ფეისბუქზე იწერებოდა არაერთი პოსტი, რომელიც უმძაფრესად კრიტიკული იყო მის მიმართ. მის მიერ „პუტჩის“ ფაქტობრივი მხარდაჭერა მის ყველაზე მძიმე, თუმცა არა ერთადერთ, ცოდვად ცხადდებოდა. ასე რომ, დასაფლავების კადრებმა არ უნდა შეგვაცდინოს: პატრიარქი წინააღმდეგობრივ ფიგურად დარჩება, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე გამსახურდია.
ამას დავამატოთ ისიც, რომ ბევრი მათგანი, ვისთვისაც 1991 წელს გამსახურდია მიუღებელი იყო, შემდეგ ეკლესიის და პატრიარქის კრიტიკოსი გახდა (ხმამაღალი თუ ხმადაბალი).
ახსნას არ ვაპირებ, საზოგადოებრივი აზრის პარადოქსულობას აღვნიშნავ. და კიდევ იმას, რომ ბევრ თემაზე ლაპარაკს გავურბივართ.

The post “დასაფლავების კადრებმა არ უნდა შეგვაცდინოს: პატრიარქი წინააღმდეგობრივ ფიგურად დარჩება, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე გამსახურდია”– გია ნოდია appeared first on .


რელევანტური