რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 300-მდე დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გამოიყენა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბალისტიკური იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ასევე დნიპროს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, პოლტავას და სუმის ოლქები იყო. ფასტივის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკის სექტორი იყო. ასევე დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები და რკინიგზა.
„მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 96 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ათობით ბალისტიკური რაკეტა, გამოიყენა. სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა. გვჭირდება სისტემები, რომლებიც ეფექტურად უპირისპირდებიან ბალისტიკურ საფრთხეებს. მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან PURL-ის მეშვეობით საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენაში და მათ საკუთარი მარაგებიდან მოწოდებაში. თითოეული ასეთი პაკეტი იცავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ინარჩუნებს ნორმალურ ცხოვრებას“, – წერს ზელენსკი.
The post ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს appeared first on გურია ნიუსი.