
22 მარტს, 02:00 საათზე დაიხურება სამების საკათედრო ტაძრის და 08:00-საათამდე, რადგან ტაძარი წირვისთვის მოწესრიგდეს,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, მამა საბა გაზდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც სამების, ისე სიონის საკათედრო ტაძარში საჭირო იქნება სპეციალური საშვების ქონა.
„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. ის ჩვენი სულიერი მამა იყო, რომელმაც გვასწავლა სიყვარული, სარწმუნოება და ქრისტეს გზა დაგვანახა. ძალიან გვიყვარს და როგორც აქ ლოცვით გვეხმარებოდა, ისე ზეციური სასუფევლიდან დაგვეხმარება ლოცვით.
რაც შეეხება დაკრძალვის ცერემონიას, 22 მარტს, 02:00 საათზე დაიხურება სამების საკათედრო ტაძარი და 08:00-საათამდე, რადგან დასუფთავდეს ტაძარი და მოწესრიგდეს წირვისთვის. 09:00-საათზე აღესრულება საღვთო ლიტურგია.
დილის 08:00 საათიდან, გარემოებებიდან გამომდინარე მრევლი დაშვებული არ იქნება ტაძარში. მხოლოდ საგანგებო საშვებით იქნება შესაძლებელი სამების საკათედრო ტაძარში შესვლა.
დილის 09:00 საათზე წირვას აღასრულებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი, სინოდის წევრებთან ერთად.
12:15 საათზე მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს პირველი და მეუფე შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს ჩვენი პატრიარქისთვის, უწმინდესისა და უნეტარესისთვის, წესის აგებას.
15:00-საათზე დაიწყება პატრიარქის გადასვენება სიონის საკათედრო ტაძარში. იმ მრევლს, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა, რომ მიახლოებოდა და მისი ნახვის, ექნებათ შესაძლებლობა, რომ განსაზღვრულ ქუჩებზე, სადაც იქნება მსვლელობა, პატრიარქს დაემშვიდობონ. ასევე, დამონტაჟებული იქნება მონიტორები და ხმის გამაძლიერებლები, რომ პირდაპირ ეთერში იხილოთ ცერემონია, რომელიც დაკრძალვის დღეს იქნება.
რაც შეეხება სიონის ტაძარს, ტაძრის ფართიდან გამომდინარე და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა საგანგებო საშვები, როგორც სამების ისე სამების საკათედრო ტაძარში“,- განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, მღვდელმა საბა გაზდელიანმა.
ინფორმაციისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდზე არ წყდება მოქალაქეთა ნაკადი. ილია II-თვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.