
რომის პაპი ლეონ XIV სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმრის წერილს უგზავნის.
როგორც რომი პაპის წერილშია აღნიშნული, უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა.
“დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას.
მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.
უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს – წმინდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.
და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება.
ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა.
შევთხოვ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლად უსამღვდელოესობა, წმინდა სინოდი და მთელი ქართველი ერი“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.