“ეს აყრილი ფილები, უთავობის შედეგად შექმნილი პრობლემებია” _ ოზურგეთის თეატრალური მოედანი “კუბოქოთნების” შემდეგ — Cnoba

GuriaNews სიახლე 20 Mar 2026, 10:33

ჩვენს მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ, თუ რამდენი სტატია გამოქვეყნდა “გურია ნიუსში“, საქართველოში რეგიონების განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებ,. გვახსოვს, 2021 წელს საპილოტე რეგიონებისთვის 200 მილიონი ლარი გამოიყო. ოთხი რეგიონს შორის იყო გურია. მაშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირების საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმოდა, რომ საპილოტე რეგიონების მუნიციპალიტეტებს შორის, ყველაზე მეტი დაფინანსება, სხვადასხვა ეტაპებზე, ჯამურად, ოზურგეთმა მიიღო. […] The post “ეს აყრილი ფილები, უთავობის შედეგად შექმნილი პრობლემებია” _ ოზურგეთის თეატრალური მოედანი “კუბოქოთნების” შემდეგ appeared first on გურია ნიუსი.

ჩვენს მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ, თუ რამდენი სტატია გამოქვეყნდაგურია ნიუსში“, საქართველოში რეგიონების განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებ,.

გვახსოვს, 2021 წელს საპილოტე რეგიონებისთვის 200 მილიონი ლარი გამოიყო. ოთხი რეგიონს შორის იყო გურია.

მაშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირების საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმოდა, რომ საპილოტე რეგიონების მუნიციპალიტეტებს შორის, ყველაზე მეტი დაფინანსება, სხვადასხვა ეტაპებზე, ჯამურად, ოზურგეთმა მიიღო. პრიორიტეტებს, ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური კომისია განსაზღვრავდა და საგრანტო კონკურსებიც ცხადდებოდა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციარეკონსტრუქციისა და იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეაბილიტაციარეკონსტრუქციის სამუშაოები.

მკითხველს კარგად ემახსოვრება “კუბოქოთნების” ამბავი, რის გაშუქება ჩვენთან სისტემატურად ხდებოდა და, ბოლოს და ბოლოს, გასულ წელს, ადგილობრივი არჩევნების წინ, გაიტანეს ეს “საყვავილე ქოთნები”

რა ხდება დღეს ოზურგეთში, თეატრალური მოედნის მარჯვენა მხარეს, კინოთეატრ “ოზურგეთის” წინ, ჭადრების ბაღის გვერდით? აქ საკმაო მანძილზე მთლიანად ამოყრილია ქვის ფილები, რომელიც სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაიგო და ჩვენ მაშინაც აქტიურად ვწერდით, ხალხის შენიშვნებიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე იყო ზერელედ, უპასუხისმგებლოდ გაკეთებული და სულ მალე გაფუჭდებოდა. ხშირად, აქ მომუშავე პირები, ვითომ ხუმრობით მოგვმართავდნენ, “რა თავზე გვადგახართ ყარაულებივით, “პრესტუპნიკები” კი არ ვართო”…

დღეს აქ ისეა ამოყრილი ფილები, ადამიანებს უჭირთ გავლა და თუ სიფრთხილე არ გამოიჩინეს, კისერსაც მოიტეხენ…

_ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც აქ არის დაშვებული, ესაა უთავობა, როგორც ჩვენში იტყვიან. დიახ, ეს აყრილი ფილები, უთავობის შედეგად შექმნილი პრობლემებია. დაყარეს სილა, ქვიშა, დააწყვეს ზედ ფილები, დაიხურეს ქუდი და წავიდნენ. გვახსოვს, მაგდიადიპროექტის დაწყების წინ, მგონი, 30 წლის წინანდელი, დალაგებულდაწებებული ფილები ასაფეთქებელი საშუალებებით აყარეს. კაი, ბატონო, იქნებ, რაღაც ისე ძველია და უვარგისი, მართლა დინამიტით აფეთქება დასჭირდეს. მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ ეს სისულელე იყო? ვინ დააგო ახალი, ვინ იყო ის სამუშაოთა შემსრულებელი, ვინც ეს ასე აგდებულად გააკეთა? _ გვეუბნებიან ოზურგეთის ჭადრების ბაღში შეკრებილი ადამიანები.

“გურია ნიუსი” არაერთხელ იმყოფებოდა აქ სამუშაოთა შესრულების დროს, 2022 წელს. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ოზურგეთის იმდროინდელ მერს ვუთხარით, რომ ასე ქვიშაზე დაგებული ფილები აიყრებოდა, რომ კერძო პირებიც ადვილად შემოიყვანდნენ მანქანებს და დათქმა იმის შესახებ, რომ აქ ავტოსადგომი არ უნდა ყოფილიყო, დაირღვეოდა… პასუხი მოკლე იყო, რომ ეს ფილები არ აიყრებოდა და კერძო პირებისთვისაც ამ სივრცეში მანქანების შემოყვანა აიკრძალებოდა.

რა ხდება დღეს? ფილები დატეხილი და აყრილია, კერძო პირები კი არხეინად დააგელვებენ ავტომობილებს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ ბაღის რეაბილიტაციისთვის და ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის შესახებ, “გურია ნიუსი” 2023 წლის დეკემბერში ვრცლად წერდა:

“ოზურგეთის მერიამ ტენდერი 2022 წლის 1 ივნისს გამოაცხადა. მისი სავარაუდო ღირებულება 2 157 146 ლარი იყო. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი _ 1 941 333 ლარი დააფიქსირა კომპანიამ _ შპს “მანგისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი 1-ის ფილიალი საქართველოში”. თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოხდა ამ კომპანიის დისკვალიფიცირება და გაიმარჯვა შპს “ჯორჯიან სთოუნმა”, რომელთანაც 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულება გაფორმდა. მას უნდა შეესრულებინა მილიონ 955 555 ლარის სამუშაოები ხუთ თვეში. ეს სამუშაოები 2023 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, კომპანიამ თანხის 10 პროცენტით გაზრდა მოითხოვა.

ამ თანხის დამატება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდა და ჯამმა, 2 მილიონ 151 000 ლარი შეადგინა”.

თანხის ზრდის მიზეზად, მაშინ სამუშაოების შესრულების დროს გამოკვეთილი “გაუთვალისწინებელი გარემოებები” დასახელდა. განსაზღვრულ ხუთ თვეში, ანუ 2023 წლის იანვარში არ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 18 აპრილამდე გადაუვადეს, თუმცა, სამუშაოები ზაფხულამდე გაჭიანურდა….

კონკრეტულად ჭადრების ბაღის მიმდებარედ, კინოთეატრ “ოზურგეთის” წინ, ფილები ერთიანად აყრილია. ხოლო შენობის მარჯვენა მხარე, სადაც ასევე საზაფხულო თეატრს ხსნიდნენ (ამის შესახებაც არაერთხელ ვწერდით) დღეს მხოლოდ ტუალეტად არის ქცეული და იქ ხშირად საეჭვო პირები იყრიან თავს. მიუხედავად იმისა, რომ აქ არსებული სივრცე ერთხელ გაიწმინდა ეკალ-ბარდისგან და შესასვლელში, ორ შენობას შორის რკინის ზღუდე ელექტროშემდუღებლით დაამაგრეს, გაურკვეველმა პირებმა კვლავ გატეხეს.

_ აქ ახლა ისევ შემდუღებლით უნდა დავამაგროთ. ასეთი დავალება გვაქვს ქალაქის სერვისცენტრის ხელმძღვანელობისგან. ასე დატოვება არ შეიძლება. მომავალში კი, ალბათ, რაიმე ღონისძიება გატარდება, რადგან ეს ქალაქის ცენტრალური სივრცეა და ვითარების შესახებ ხელმძღვანელებმა იციან. ყველას სურს ამის მოწესრიგება, მაგრამ რა ვიცი_ მხრები აიჩეჩა სერვისცენტრის ორმა თანამშრომელმა, რომლებსაც “გურია ნიუსი” აქ შეხვდა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ _ შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რომ რეგიონების მუნიციპალური ცენტრების განახლებისა და რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონების შესახებ ჩვენს მკითხველს არაერთხელ ვუამბობდით. ახლა აქ, ოზურგეთის ცენტრალურ სივრცეში არსებული მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს გოჩა აბაშმაძეს ესაუბრა:

_ მე გპირდებით, რომ აუცილებლად გადავხედავ დოკუმენტებს. ვნახავ ხელშეკრულებას _ კომპანიას, რომელმაც აქ სამუშაოები შეასრულა, თუ აქვს საგარანტიო ვადა დარჩენილი და კონკრეტულად ამის შედეგ გეტყვით, რა როგორ იქნება, _ გვითხრა აბაშმაძემ.

“გურია ნიუსი” ამ თემას ისევ მიუბრუნდება, დაველოდებით პასუხს და ვნახოთ, შპს “ჯორჯიან სთოუნი”, რომელსაც ოზურგეთის თეატრალური მოედნისა და მიმდებარე ბაღის რეაბილიტაცია ევალებოდა, ამჯერად რას იტყვის.

The post “ეს აყრილი ფილები, უთავობის შედეგად შექმნილი პრობლემებია” _ ოზურგეთის თეატრალური მოედანი “კუბოქოთნების” შემდეგ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური