„საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა,“ – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა [დათუაშვილი] კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საავადმყოფოში მოხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
17 მარტს, დილით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, კუჭიდან ძლიერი სისხლდენით კლინიკაში იყო მოთავსებული.
ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას. 17 მარტის ღამეს, 93 წლის ასაკში, კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა.
18 მარტს, სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2-ზე“ სპეციალური გამოშვება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
სპეცეთერში მიწვეული იყო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი [დათუაშვილი]. მეუფე დანიელმა ისაუბრა თუ რა გარემოებების შედეგად მოხვდა პატრიარქი საავადმყოფოში.
„ეს დიდი საიდუმლოებაა, რატომ დაუშვა უფალმა პატრიარქის გასვლა [იგულისხმება გარდაცვალება] მაინცდამაინც დღეს, ამას მინდა დიდი ყურადღება მივაქციოთ, დიდ მარხვაში და მაინცდამაინც წელს.
ჩვენ ძალიან ვემზადებოდით, რომ პატრიარქის 50 წელი აღგვენიშნა პატრიარქობის. და მინდა გითხრათ, ექიმები ამბობდნენ, რომ მას შეუძლია რამოდენიმე წელი იცოცხლოს, სუსტად არის, მას აქვს რაღაც ქრონიკული სნეულებები, მაგრამ იგი სტაბილური იყო, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი აბსოლუტურად მოქმედი იყო.
არ შეეძლო იმ ფიზიკური აქტივობის გამოვლენა, მაგრამ ის არსებობდა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი „ჰო“ და „არა“. ზოგჯერ მივდიოდით, შეიძლება არაფერი არ ეთქვა, მაგრამ რაღაც სავსე მოვდიოდით.
რაღაც შემთხვევა მოხდა, პატრიარქის ეს გაუარესება ჯანმრთელობის, შემთხვევის ამბავია, მაგრამ ეს უფალმა დაუშვა.
საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, მისი მდგომარეობა, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესმა გამოიწვია წყლულიდან სისხლის დენა, რაც გვიან აღმოჩნდა, მერე ამის ოპერაცია უკვე შეუძლებელი იყო, მისი გადარჩენა.
მოკლედ ეს მოხდა უცებ, წამის ყოფით,“ – თქვა მიტროპოლიტმა დანიელმა.
წყარო: ბათუმელები
The post “საკვების მიღების დროს რაღაც გადასცდა”- მიტროპოლიტი დანიელი ილია მეორის საავადმყოფოში მოხვედრის დეტალებზე appeared first on გურია ნიუსი.