ეკლესია ილია II-ს გარეშე – ოთხი უმძიმესი გამოწვევა – გოჩა მირცხულავა — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 11:17

ნეიშენ ჯორჯია აქვეყნებს, თეოლოგ, გოჩა მირცხულავას წერილს: ილია II-ის ყველაზე მყარი და ისტორიული წვლილი არის ის, რომ მან ეკლესია გადააქცია არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ეროვნულ ინსტიტუციად. მით უფრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შედეგად. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს ინსტიტუტები სუსტი იყო და საზოგადოება იდენტობის კრიზისში იმყოფებოდა, ეკლესიამ სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეითავსა „მორალური ცენტრის“ ფუნქცია. სხვათა […] The post ეკლესია ილია II-ს გარეშე – ოთხი უმძიმესი გამოწვევა – გოჩა მირცხულავა appeared first on .

ნეიშენ ჯორჯია აქვეყნებს, თეოლოგ, გოჩა მირცხულავას წერილს:

ილია II-ის ყველაზე მყარი და ისტორიული წვლილი არის ის, რომ მან ეკლესია გადააქცია არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ეროვნულ ინსტიტუციად. მით უფრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შედეგად.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს ინსტიტუტები სუსტი იყო და საზოგადოება იდენტობის კრიზისში იმყოფებოდა, ეკლესიამ სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეითავსა „მორალური ცენტრის“ ფუნქცია. სხვათა შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ისტორიულად უწევდა ხოლმე ამ ცენტრის ფუნქციის შენარჩუნება – რაც გულისხმობს კულტურული და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.

ილია II-მ შეძლო ეკლესიის გარშემო შეეკრიბა ეროვნული კონსოლიდაციის იდეა – თუნდაც იმ ფორმით, რომელიც ყოველთვის თეოლოგიურად სუფთა არ იყო, თუმცა თავად ეკლესიისთვის ისტორიულად ეფექტიანი აღმოჩნდა.
მისი მმართველობის პერიოდში ეკლესია იქცა საზოგადოებრივი ნდობის უმაღლეს ინსტიტუტად, რაც თავისთავად უნიკალური ფენომენია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, უნდა ითქვას ისიც, რომ სწორედ ამ მოდელის ფარგლებში საქართველოს ეკლესია ვერ გასცდა რუსულ ორბიტას და გარკვეულწილად აღმოჩნდა ეგზოტიკური იზოლაციის მდგომარეობაშიც – როგორც თეოლოგიურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე.

სწორედ ეკლესიის რუსულ ორბიტაზე დარჩენა განაპირობებდა და დღემდე განაპირობებს, ყველა მანკიერებას, რომელიც არსებობს სახელმწიფოს განვითარების შეფერხების კონტექსტში. ამის გამო ეკლესიამ ვერ შეძლო სრულფასოვანი ინტეგრაცია გლობალურ მართლმადიდებლურ და ფართო ქრისტიანულ დისკურსში.

რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს დღეს ამის კონსტატაცია, ეკლესია მისი მმართველობის პერიოდში, ხშირად იყო პოლიტიკური მხარე და ვერ მოახერხა სრული ეროვნული კონსოლიდაცია.

ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი გამოწვევა აქვს. იმიტომ, რომ პირველად ბოლო ათწლეულებში, ეკლესია დგას რეალური ლიდერშიფის ტრანზიციის წინაშე.
ილია II-ის ეპოქა ასე თუ ისე, იყო სტაბილურობის ეპოქა – პერსონაზე დამყარებული სტაბილურობა.

ახლა კი სისტემა უნდა გადავიდეს პერსონალური ავტორიტეტიდან ინსტიტუციურ ლოგიკაზე.
და ეს ყოველთვის არის კრიზისული მომენტი – განსაკუთრებით მაშინ, როცა ინსტიტუცია წლების განმავლობაში ერთ ფიგურაზე იყო კონცენტრირებული.

ეს გარდამტეხია არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რადგან საქართველოში ეკლესია დღემდე რჩება პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ერთ-ერთ მთავარ არბიტრად – თუნდაც არაოფიციალურად.

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ეკლესია კვლავ დარჩება თუ არა რუსულ ორბიტაზე, რითაც კვლავაც შეუშლის ხელს სახელმწიფოს სრუფასოვან განვითარებას.

ეს ტრანზიცია პირდაპირ იმოქმედებს ორ მიმართულებაზე:

პირველი – პოლიტიკა.
თუ ეკლესია შეინარჩუნებს ძველ მოდელს, სადაც ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პროცესში, მაშინ ძალაუფლების გადანაწილებაში ეკლესია კვლავ დარჩება ჩრდილოვან მოთამაშედ.
თუ კი დაიწყება რეალური დისტანცირება პოლიტიკისგან, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს სეკულარულ სახელმწიფოს.

მეორე – კულტურა და იდენტობა.
დღემდე ეკლესია დიდწილად განსაზღვრავდა, რას ნიშნავს იყო „ქართველი“.
ახალ ეპოქაში ეს მონოპოლია დაირღვევა.
იდენტობა გახდება უფრო მრავალფეროვანი, უფრო ინდივიდუალური და ეს იქნება გარდაუვალი პროცესი, მიუხედავად იმისა, ვინ მოვა ეკლესიის სათავეში.

რატომ გარდაუვალი? თუ ეკლესია დარჩება ძველი სახით, გაგრძელდება ბოლო წლების დინამიკა, როდესაც ის საგრძნობლად დაკარგავს მრევლს და ავტორიტეტსაც.

ეკლესიისთვის დღეს აქვს ოთხი უმძიმესი გამოწვევა.

პირველი – შიდა დაპირისპირება.
ეკლესია უკვე გაყოფილია გავლენიან ჯგუფებად და ილია II-ის ფიგურა ამ დაყოფას აკავებდა. ახლა ეს კონფლიქტები გახდება უფრო ხილული.

მეორე – რუსული გავლენა.
ეს არ არის ფორმალური იურისდიქციის საკითხი, არამედ იდეოლოგიური და პერსონალური კავშირების პრობლემა, რომელიც ჯერაც არსებობს ეკლესიის შიგნით.

მესამე – საზოგადოებრივი ნდობის თემა.
ახალი თაობა აღარ იღებს ეკლესიის შეუმცდარობას.
თუ ეკლესია ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, ის დაკარგავს გავლენას.

მეოთხე – სეკულარიზმის გამოწვევა.
ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს – დარჩება თუ არა პოლიტიკური პროცესების მონაწილე, თუ გადავა წმინდა სულიერ როლზე.

რაც შეეხება პატრიარქობის მსურველებს – ფავორიტებს. რა თქმა უნდა, ისინი არსებობენ – მაგრამ ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური „არჩევნების“ ლოგიკა.
გავლენიანი ჯგუფები ეკლესიის შიგნით უკვე ფორმირებულია.

არსებობს კონსერვატიული, მე ვიტყოდი რეაქციული ბირთვი, რომელიც ცდილობს არსებული მოდელის შენარჩუნებას – მათ შორის იმ გავლენებით, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მათ შორის რუსულ კონტექსტშიც. რა თქმა უნდა, რუსეთის ხილული ფავორიტით საეკლესიო ტახტზე.

და არსებობს უფრო განათლებული და ნაკლებად პოლიტიზებული ჯგუფები, რომლებიც ხედავენ ეკლესიის მომავალს რეფორმებში, სეკულარიზმის პატივისცემაში და თანამედროვე საზოგადოებასთან დიალოგში.

საბოლოოდ, ბრძოლა არ იქნება მხოლოდ პერსონებს შორის – ეს იქნება ორი მოდელის დაპირისპირება:
ეკლესია როგორც ძალაუფლების ინსტიტუცია და ეკლესია როგორც სულიერი სივრცე.

და სწორედ ამ არჩევანზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ილია II-ს შემდგომი საქართველოს ეკლესია.  

The post ეკლესია ილია II-ს გარეშე – ოთხი უმძიმესი გამოწვევა – გოჩა მირცხულავა appeared first on .


რელევანტური