
• აგრარული უნივერსიტეტის კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულების სრული შესრულება მთავრობის მიერ დადასტურებულია
• კახა ბენდუქიძის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული ინვესტიციების შესრულება დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების, სასამართლოს და მთავრობის მიერ
• აგრარული უნივერსიტეტის ცოდნის ფონდისთვის გადაცემის საერთო ღირებულებამ შეადგინა 20 000 000 ლარზე მეტი
• აგრარული უნივერსიტეტის ცოდნის ფონდისთვის გადაცემა განხორციელდა კახა ბენდუქიძის მიერ საჯარო სამსახურის დატოვებიდან დაახლოებით 3 წლის შემდეგ
• აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი ემსახურება საზოგადოებრივ საქმეს – ქველმოქმედებას ქვეყნის განათლებასა და მეცნიერებაში
• 2007-2025 წლებში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელებულმა საქველმოქმედო ინვესტიციებმა 90 000 000 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა
ვრცლად:
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისთვის გადაცემის მიზანი იყო პერმანენტულ კრიზისში მყოფი უნივერსიტეტის გარდაქმნა ქართველი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ალტერნატივად. დღეს აგრარული უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ახალგაზრდებისთვის სასურველი უნივერსიტეტია და მომავალშიც ამ გზით განაგრძობს განვითარებას.
აგრარული უნივერსიტეტის კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისთვის გადაცემის მისია შესრულებულია.
ცოდნის ფონდი წარმოადგენს არამომგებიან (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს, რომელიც დაარსდა 2007 წელს და რომელსაც მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის ცოდნის ფონდისთვის სამართლებრივად მინიჭება კახა ბენდუქიძის გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს:
• აგრარული უნივერსიტეტის ცოდნის ფონდისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულების სრული შესრულება საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად დადასტურდა 2020 წლის 17 მარტს.
• აგრარული უნივერსიტეტის ცოდნის ფონდისთვის გადაცემა განხორციელდა 2012 წლის 24 თებერვალს, იმ დროს, როდესაც კახა ბენდუქიძე უკვე 3 წლის განმავლობაში აღარ იმყოფებოდა საჯარო სამსახურში, 4 წლის განმავლობაში აღარ ეკავა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და 8 წლის განმავლობაში აღარ იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
• აგრარული უნივერსიტეტის ცოდნის ფონდისთვის გადაცემის საერთო ღირებულებამ შეადგინა 20 000 000 ლარზე მეტი, რაც მოიცავდა:
– 5 150 000 აშშ დოლარის საპრივატიზაციო თანხას, რომელიც სრულად იქნა გადახდილი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში
– 11 მილიონ ლარზე მეტ (დღგ-ის გარეშე) ინვესტიციას, რომელიც განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრული 8 მილიონი ლარის ნაცვლად. აღნიშნული ვალდებულება შესრულდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 22 თვის განმავლობაში და დადასტურებულია სამი აუდიტორული კომპანიის მიერ, მათ შორის ორი საერთაშორისო კომპანიის – Grant Thornton-ისა და EY Georgia-ს მიერ, ხოლო 2015 წელს აღიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ
• ცოდნის ფონდის მიერ აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში განხორციელებული ინვესტიციები გაგრძელდა, რის შედეგადაც 2007–2025 წლებში ფონდის მიერ განხორციელებულმა საქველმოქმედო ინვესტიციებმა ჯამში 90 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ცოდნის ფონდი გამორჩეულია იმითაც, რომ ემსახურება საჯარო ინტერესს და ახორციელებს საზოგადოებრივ საქმიანობას – უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების მხარდაჭერას ქველმოქმედების გზით.
გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში, აგრარული უნივერსიტეტი სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად და პროპორციულად რომ დაფინანსებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აღნიშნული დაფინანსება ჯამურად მინიმუმ 100 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს დაეზოგა.
ასევე, აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
• 2013 წელს, ადმინისტრაციული ძალმომრეობის საფუძველზე აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, რაც ფაქტობრივად მისი ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავდა. საერთაშორისო მხარდაჭერისა და სტუდენტთა პროტესტის შედეგად, უნივერსიტეტს ავტორიზაცია მალევე აღუდგა და მან საქმიანობა განაგრძო
• კახა ბენდუქიძე 2014 წელს დევნილობაში გარდაიცვალა
P.S. რაც შეეხება ბაზალეთის მიწის ნაკვეთს, მას არ აქვს კავშირი აგრარული უნივერსიტეტის განკერძოებასთან. აღნიშნული ქონება ეკუთვნოდა (და ნაწილობრივ კვლავაც ეკუთვნის) ცოდნის ფონდის შვილობილ ორგანიზაციას.
ქონება შეძენილია აუქციონის გზით, დაახლოებით 7 მილიონ ლარად.
გარდა ამისა, 10 წლის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიწის გადასახადის სახით გადახდილია 7 მილიონ ლარზე მეტი.