knews.ge
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. კანონის პროექტი პირველი მოსმენით, 87-ხმით (6 წინააღმდეგი მიიღეს).
უმრავლესობის დეპუტატთა ინიციატივის გათვალისწინებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაანაცვლებს. შესაბამისად, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი“ სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს და უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა რეგისტრაციის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა მიმართონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 17 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.
პარლამენტის მიერ 2024 წლის მაისში მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ვინც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული კანონი 25 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
The post პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს appeared first on knews.ge.