“არასოდეს დამავიწყდება ის ხმა – მიწის ღმუილი, გუგუნი, ლეწვა, ტკაცა-ტკუცი. ღამე იყო, სიბნელე, საღამურებით გამოვვარდით” – მეწყერი სოფელ კურსებში — Cnoba

ჯემნიუსი სიახლე 17 Mar 2026, 11:42

ხალხი სრულიად შემთხვევით გადაურჩა მომხდარს - ისინი ერთმანეთს ურეკავდნენ, აღვიძებდნენ და ბნელ ღამეში სოფლიდან გამორბოდნენ

მეწყერი სოფელ კურსებში

დანგრეული სახლები სოფელ კურსებში. ფოტო: სოციალური ქსელი. 12 მარტი, 2026 წელი.
დანგრეული სახლები სოფელ კურსებში. ფოტო: სოციალური ქსელი. 12 მარტი, 2026 წელი.

დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, სოფელ კურსებში, 12 მარტის გამთენიას, დაახლოებით 4 საათზე, მეწყერი გააქტიურდა. მთიდან დაძრულმა მიწის მასამ სოფლის ნაწილი მიწასთან გაასწორა. 

სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხალხი სრულიად შემთხვევით გადაურჩა მომხდარს – ისინი ერთმანეთს ურეკავდნენ, აღვიძებდნენ და ბნელ ღამეში სოფლიდან გამორბოდნენ.

ვერავინ ვერაფერი წამოიღო. ადამიანები ერთი ხელი ტანსაცმლით გამოიქცნენ სახლებიდან – იმით, რის ჩაცმაც მოასწრეს სიჩქარეში. ზოგი საღამურებით გამოვარდა. 

ვერც შინაური ცხოველებისა და ფრინველების გამოყვანა შეძლეს. ამის დრო არ იყო. წუთები ჰქონდათ ადამიანებს, რომ მთიდან მომავალ მიწის მასას გამოქცეოდნენ.

ნაწილმა მხოლოდ ის მოასწრო, საქონლის სადგომების კარი გაეღო. ვინც ვერ შეძლო, ის უკან აღარ შეუშვეს. მოგვიანებით, მაშველებმა დაიარეს სოფელი და მათ აუშვეს დაბმული ძაღლები და საქონელი.

ბოლო ინფორმაციით, სოფელ კურსებში 10-ზე მეტი სახლია დანგრეული. ევაკუირებულია 45 ოჯახი. ისინი ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში გადაიყვანეს. 

ახლა სოფელში არავის უშვებენ. გზა პოლიციას აქვს ჩაკეტილი. ადგილობრივები “დრონებით” ცდილობენ დათვალიერებას – რა გადაურჩა დამანგრეველ მეწყერს. 

ამ სტატიაში შევკრიბეთ ყველაფერი, რაც ამ დრომდე ვიცით, ან არ ვიცით, კურსებში მომხდარ მეწყერზე. 

რა მოხდა – მოკლედ 

 მდგომარეობა სოფელ კურსებში სტიქიიდან ოთხი დღის შემდეგ. ფოტო: "მთის ამბები". მხოლოდ ამ გამოცემამ შეძლო, დამეწყრილ სოფელში შეღწევა და პირველი კადრების გამოტანა.
მდგომარეობა სოფელ კურსებში სტიქიიდან ოთხი დღის შემდეგ. ფოტო: “მთის ამბები”. დამეწყრილ სოფელში შეღწევა და პირველი კადრების გამოტანა მხოლოდ ამ გამოცემამ შეძლო.

კურსები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელია. ის მდინარე წყალწითელას ნაპირზეა გაშენებული, ზღვის დონიდან დაახლოებით 350–400 მეტრზე.

კურსები დიდი სოფელია. აქ დაახლოებით 800 ოჯახი ცხოვრობს. ქუთაისიდან ამ სოფელს დაახლოებით 15-20 წუთის სავალი გზა აშორებს. 

მდინარე წყალწითელა სოფელს ორ ნაწილად ყოფს – მეწყერი ერთ, მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა, სოფლის ზედა ნაწილში – ზენუბანში. ძირითადი ეპიცენტრი გოგოლაშვილების უბანში იყო. იქიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ ჯერ ალფაიძეების უბანს დაარტყა, შემდეგ ბეროძეების.

ამ ზონაში მთლიანად დაინგრა 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ისინი მიწამ ჩაიტანა, ზოგი სახლის სახურავიც კი აღარ ჩანს. ათობით საცხოვრებელი და სათავსო ნაგებობა დაიბზარა, დასკდა და შუაზე გაიყო.  

მეწყერმა გადაუარა სოფლის სასაფლაოს ნაწილსაც – უზარმაზარმა ბზარებმა საფლავების ნაწილი სრულად მოშალა. დაინგრა ქუთაისი – ტყიბული – ამბროლაურის გზის მონაკვეთიც.  

ბოლო ინფორმაციით, მეწყერმა 60 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა. 

“წუთები გქონდა, რომ სახლიდან გამოგესწრო”. როგორ გაიგო ხალხმა მეწყერის ჩამოწოლა

ხატია ბეროძე იმ უბნიდანაა, რომელიც სტიქიამ თითქმის მთლიანად დაანგრია. დასკდა და დაიბზარა მათი სახლიც, სადაც დიდი ოჯახი ცხოვრობდა – ხატიას და-ძმა, დედა და თავად ხატია, მცირეწლოვანი შვილით:

„მამა ახალი გარდაცვლილი მყავს და დროებით დედასთან ვარ. 12 მარტის დილას, დაახლოებით 5-ის ნახევარი იყო, დედაჩემის არაადამიანურმა ყვირილმა გამაღვიძა – გაიღვიძეთო ყვიროდა. ჯერ ისევ მამის გარდაცვალების განცდებში ვარ და მეგონა, რომ კიდევ ვიღაც გარდაიცვალა“.

მერე დედა აკივლდა, მეწყერი მოდისო:

“არასოდეს დამავიწყდება იმ ღამის ხმა -მიწის ღმუილი, გუგუნი, ტკაცა-ტკუცი, ლეწვა. ღამე იყო, დენი არა, არაფერი არა, სიბნელე, ბატარეებს ვერ მივაგენით. პიჟამოებით გამოვვარდით“.

ერთადერთი, რაც მოასწრო, სახლში შებრუნდა და ბავშვს ჩააცვა. მახსოვდა მისი ტანსაცმელი სად მედო და ხელის ცეცებით ვიპოვეო.

სტიქიიდან ოთხი დღის შემდეგ. ფოტო: "მთის ამბები".
სტიქიიდან ოთხი დღის შემდეგ. ფოტო: “მთის ამბები”.

მანქანებისკენ გაიქცნენ. გზაში დედა ისევ აგრძელებდა ყვირილს. ახლა უკვე მეზობლების გაღვიძებას ცდილობდა.

მოგვიანებით ხატია მანქანაში იპოვის წინა დღეს დატოვებულ ქურთუკს. თორემ, თბილი მოსაცმელიც კი არ მქონდა, ისე გამოვიქეციო.

ხატია წლების წინ სოფელ კურსებში მერის წარმომადგენლად მუშაობდა. სოფლის რელიეფს კარგად იცნობს. გათვალა, საიდან იქნებოდა მეწყერი წამოსული და სად უნდა გაქცეულიყვნენ. მიხვდა, რომ უსაფრთხო ადგილი მდინარის მარჯვენა სანაპირო იქნებოდა, სოფლის სკოლის ტერიტორია.

„იქ გავიქეცით და ველოდებოდით გათენებას, რომ დაგვენახა რა ხდებოდა. ასეთ მასშტაბს არ ველოდით. რომ გათენდა და დავინახეთ ამხელა მიწის მასა ჩამოსული, შოკი გვქონდა“, – იხსენებს ხატია JAMnews-თან.

სოფელი კურსები სტიქიას სრულიად შემთხვევით გადაურჩა. ჩამოწოლილმა მეწყერმა პირველი 94 წლის თამაზ კვირიკაშვილის სახლს დაარტყა. ხის სახლი ხისსავე სვეტებზე იდგა და გვერდზე გადავარდა. თამაზმა მეზობელს დაურეკა საშველად – “კობა, სახლი მენგრევა მგონი და მიშველეო”.

“კობა ყვება, თამაზის სახლისკენ რომ წავედი, მეწყერი უკვე ჩამოწოლილი იყო და შემოვლითი გზებით შევედი, ტალახში და უბედურებაშიო“, – გვიამბობს ხატია.

ამის შემდეგ კობამ მეზობლების გაღვიძება დაიწყო. პირველი ალფაიძეებს დაურეკა – იმ ოჯახს, რომლის სახლიც პირველი დაინგრა. ალფაიძეები გარეთ რომ გამოვიდნენ, მიწის მასა უკვე მათ სახლთან იყო, თან მიჰქონდა მათი მანქანები:

“ორი მანქანა და კაპიტალური სახელი ჩაემარხათ მიწაში. რაღაც წუთებით გამოასწრეს, პირადობების გამოტანაც ვერ მოასწრეს”.

მერე უკვე ყველამ ერთმანეთთან რეკვა და ხალხის გაღვიძება დაიწყო. ამასობაში სოფელში მაშველებიც გამოჩნდნენ. ასე გადარჩნენ.

“ორი წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა, საფლავით ვიცნობდი. ამასაც ვკარგავ” – დაინგრა სოფლის სასაფლაოც

მარიამ გოგოლაშვილის სახლი სტიქიის ეპიცენტრშია. იმ ღამეს სახლში დედა იყო. მეზობლებმა გააღვიძეს.

მათი სახლი კი გადარჩა, რაღაც სასწაულებრივადო – ამბობს მარიამი, რადგან გარშემო ყველას სახლი დანგრეულია, მაგრამ, გადარჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იქ ისევ იცხოვრება. ჯერ ამაზე არავინ არაფერი იცის, გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

მარიამის დედა ახლა ქუთაისშია.

“დედა არის შოკურ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, მარტოხელაა, ორი წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა, მარტომ გაგვზარდა მე და ჩემი და. ექიმია, კვირაობით მორიგეობს, ყველაფერს ამ სახლში დებდა. სესხი ავიღეთ, გავარემონტეთ“, – გვიყვება მარიამი.

დანგრეული სასაფლაო სოფელ კურსებში. ფოტო გადაღებულია სტიქიიდან ოთხი დღის შემდეგ. ფოტო: "მთის ამბები".
დანგრეული სასაფლაო სოფელ კურსებში. ფოტო გადაღებულია სტიქიიდან ოთხი დღის შემდეგ. ფოტო: “მთის ამბები”.

პრობლემა მხოლოდ მიწაში ჩამარხული და დანგრეული სახლები არ არის. მეწყერმა მოწყვიტა სოფელ კურსების სასაფლაოც.

იმ ფოტოებზე, რაც ადგილობრივებმა “დრონებით”, მოგვიანებით კი “მთის ამბებმა” გადაიღო, ჩანს, რომ საფლავები დანგრეული, დახეთქილი, ერთმანეთშია აზელილი.

“მამას მხოლოდ საფლავით ვიცნობდი და ახლა ამასაც ვკარგავ. დანგრეულია, ხუთი სხვა საფლავი ადევს ზემოდან. ისიც არ ვიცით, მოხერხდება თუ არა სადმე გადმოსვენება”.

რას უკავშირებენ სოფელში მეწყერის გააქტიურებას

მეწყერის გააქტიურების შემდეგ, ადგილობრივებმა, კურსებში მომხდარის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე დაიწყეს საუბარი. ასახელებენ სოფელში წლების წინ არსებულ მაღაროებსა და კარიერებს. არსებობს ვარაუდი, რომ ამ მაღაროებსა და კარიერებში წყალი გუბდებოდა და ქანებს რეცხავდა, დასუსტებულმა ქანებმა კი ვეღარ გაძლო და ჩამოიშალა.

კაკი ბეროძე გვიხნის, რომ მაღაროები სოფელში ათეული წლების წინ, კომუნისტების პერიოდში არსებობდა.

“როგორც ბაბუისა და მამისგან, გადმოცემით ვიცი, ეს იყო ექსპერიმენტული მაღაროები, სადაც ნახშირის მოპოვებას ცდილობდნენ. მაგრამ, ათეული წლებია ისინი დალუქულია. და ამავე დროს, ეს მაღაროები სულ სხვაგან იყო, არა იქ, სადაც სტიქიის ეპიცენტრია, ამიტომ, ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნო მგონია”, – გვეუბნება იგი.

ასე დადიან შინაური ცხოველები დამეწყრილ კურსებში. სოციალურ ქსელებში ფოტოების გავრცელების შემდეგ, ბევრმა ადგილობრივების დამუნათებაც დაიწყო - ცხოველები რატომ მიატოვესო. კურსების მცხოვრებლებს ეს სწყინთ - მოხუცები, ბავშვები ჰყავდა ხალხს გადასარჩენი, არავის ეყვარება ჩვენი ცხოველები, ჩვენზე მეტადო.
ასე დადიან შინაური ცხოველები დამეწყრილ კურსებში. სოციალურ ქსელებში ფოტოების გავრცელების შემდეგ, ბევრმა ადგილობრივების დამუნათებაც დაიწყო – ცხოველები რატომ მიატოვესო. კურსების მცხოვრებლებს ეს სწყინთ – მოხუცები, ბავშვები ჰყავდა ხალხს გადასარჩენი და მხოლოდ წამები ჰქონდათ. არავის ეყვარება ჩვენი ცხოველები, ჩვენზე მეტადო. ფოტო: მთის ამბები

კარიერებზე საუბრისას ადგილობრივები ქვის მოსაპოვებელ კარიერებს გულისხმობენ. ესეც წლების წინანდელი ამბავია. სოფელში ორი – ღია და დახურული ტიპის კარიერებია შემორჩენილი. დახურული კარიერი ნიშნავს, რომ იქ ჯერ გრუნტს იღებდნენ და შემდეგ ისე მოიპოვებდნენ ქვას.

“მაგრამ, ეს კარიერებიც მალევე დაილუქა, ალბათ იმიტომ, რომ არ იყო საჭირო რაოდენობის ქვა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უკანასკნელი 25-30 წლის განმავლობაში სოფელში რაიმე ბურღვა, აფეთქება, გვირაბის გაყვანა არ ხდებოდა”, – ამბობს კაკი.

კაკი ბეროძე, ისევე როგორც კურსების ყველა მცხოვრები, ახლა გეოლოგების დასკვნას ელოდება, რომ მომხდარის ნამდვილი მიზეზი გაირკვეს.

აღმოჩნდა, რომ კურსები მეწყერსაშიში ზონაა. გეოლოგებმა ეს იცოდნენ

მასშტაბური მეწყრული პროცესები სოფელ კურსებში აქამდე არ მომხდარა, მაგრამ, კურსები რომ მეწყერსაშიში ზონა იყო, გეოლოგებმა ეს იცოდნენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის  საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია, რომ გეოლოგიური პროცესების ჩასახვა -გააქტიურების თვალსაზრისით, იმერეთის მხარე ერთ-ერთი ურთულესია საქართველოში. 

დასკვნაში წერია, რომ 2023 წელს იმერეთში ატმოსფერული ნალექების ნორმა  2-3-ჯერ აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს. თუ 2024 წელს ეს მაჩვენებელი ნორმას ასცდებოდა, უკვე სავარაუდო იყო მეწყრული და ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება.

რუკაზე მარცხენა ქვედა კუთხეში, სოფელ კურსებთან, ორი აღნიშვნაა – მეწყერის და ქვათაცვენის. ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი, 2024 წელი.

იმ ზონებში, სადაც მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი და სოფელი კურსები, მონიშნულია.  2023 წელს ტყიბულში 38 დასახლებული პუნქტი შეუსწავლიათ, მათ შორის, სოფელი კურსებიც. ბიულეტენში წერია, რომ სოფელ კურსებში მეწყერისა და ქვათაცვენის საშიშროებაა.

პერიოდულად აქტიური მეწყერი, საშუალო რისკის ზონა – ასეა შეფასებული სოფელი კურსები სპეციალისტების მიერ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სოფელ კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და გზის ორი მონაკვეთი. 5 ოჯახი გასახლებულია.

წლევანდელი ზამთარი კურსებში უხვნალექიანი იყო – დიდი და სველი თოვლიც დიდხანს იყო და მთელი თვეც წვიმდა.

“ახლა გაირკვა, რომ ყოფილა ამ სოფელში მეწყერის რისკები. თუ ასე იყო, ეს უნდა სცოდნოდა ხალხს. მინიმუმ, ვინც ამ ბოლო წლებში კაპიტალური სახელი ააშენა, ის გაითვალისწინებდა, ან უბანს სწორად შეარჩევდა. არა მგონია ვინმეს უნდოდეს, ამხელა რისკი შეუქმნას შვილებს თუ შვილიშვილებს”, – გვეუბნება კაკი ბეროძე.

ახლა რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო

სოფელ კურსებს ახლა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან. სააგენტო 14 მარტს წერდა, რომ მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასული იყო სტაბილიზაციის ფაზაში. ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდებოდა.

15 მარტის ინფორმაციით (ეს სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის სააგენტოს ბოლო ინფორმაციაა), “მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“.

მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია ბევრს არაფერს ამბობს.

ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, რას ნიშნავს სტაბილიზაცია – ანუ, მეწყრული პროცესი აღარ გააქტიურდება? რამ გამოიწვია მეწყერი? რა მოცულობის მასა მოწყდა მთას? იცხოვრება სოფელში? იმ უბნებშიც ხომ არაა საფრთხე, რაც ამჯერად მეწყერს გადაურჩა?

ამ კითხვებს, სააგენტოს გვერდზე, კომენტარებში, ადგილობრივებიც სვამენ.

სააგენტო ამბობს, რომ გეოლოგები სწავლობენ ვითარებას და როგორც კი დასკვნას მოამზადებენ, ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცემა.

რა ბედი ელის დაზარალებულ ხალხს. რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

დანგრეულ სახლთან ჩარჩენილი მანქანა. ფოტო: მთის ამბები
დანგრეულ სახლთან ჩარჩენილი მანქანა. ფოტო: მთის ამბები

დასკვნის გამოქვეყნებამდე ბევრი სხვა კითხვაც ღიად რჩება.

რა ბედი ელის იმ ხალხს, მთელი ცხოვრების შრომა ერთ წამში რომ გაუნადგურდა. შეძლებენ სოფელში მიბრუნებას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას? რა უნდა უყონ შინაურ ცხოველებს, რომლებიც ახლა უპატრონოდ დაეხეტებიან სოფლის დამსკდარ და დახრამულ მინდვრებში? მანქანებიც ჩარჩა – ზოგი დაზიანდა, მაგრამ ზოგი გადარჩა. უბრალოდ, აღარ არსებობს გზა, ისინი რომ გამოიყვანონ. ააფრენს ვინმე ამისთვის ვერტმფრენებს?

ამ დრომდე რაც ვიცით და რასაც პრაქტიკაც აჩვენებს, დაზარალებულ ოჯახებს დროებით ქირით გაიყვანენ. სახლები შეუძლიათ თვითონ მოძებნონ, მაგრამ, ქირის თანხა ლიმიტირებული იქნება.

ვიკითხე, რა იყო ის ლიმიტი, რა ლიმიტის ფარგლებშიც სახლი უნდა მეძებნა. მითხრეს, რომ 1000 ლარის ფარგლებში დაითვლება ფასი, გააჩნია, რამდენსულიანი ოჯახია. მითხრეს, რომ ჯერ ზუსტად დათვლილი არ აქვთ ეს ყველაფერი”, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე.

მარიამი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სოფელ კურსებში მომხდარზე ინფორმაციის გავრცელება და “დრონით” კადრების გადაღება დაიწყო და შველას ითხოვდა. ამ სოფელში მარიამის დედა ცხოვრობდა.

მარიამის თავში ქაოსი და ათასი კითხვაა:

“როგორც კი ფიქრსა და რეალობის გაანალიზებას ვიწყებ, მაშინვე ვაჩერებ ჩემს თავს, თორემ მომენტებში მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები

ამ სტატიის ყველა გმირს, ვისაც ვესაუბრეთ, ერთი და იგივე ინფორმაცია აქვს – ნაქირავებ სახლებში ხალხს დაახლოებით 6 -12 თვე მოუწევთ ცხოვრება. მეწყერი რომ გაჩერდება, ტერიტორიაზე ქონებისა და ზარალის აღწერას დაიწყებენ. ამის მერე დადგინდება, რას შესთავაზებენ ხალხს.

გამოცდილებით უკვე ვიცით, რომ კომპენსაციები, რასაც ასეთ დროს სახელმწიფო ხალხს სთავაზობს, მიზერულია. მაგალითად, ასევე იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში, სადაც ასევე დამანგრეველი მეწყერია, ხალხს კომპენსაციად 30-დან 50 ათას ლარამდე თანხა შესთავაზეს.

ამ თანხად კი, ახლა საქართველოში, უძრავი ქონების შეძენა, რომელიც საცხოვრებლად ვარგისია, ან სადაც მაგალითად მრავალსულიანი ოჯახი დაეტევა, შეუძლებელია.

კურსები ძლიერი სოფელია, მშრომელი ხალხით. ხატია ბეროძე გვიყვება, რომ ამ სოფელში მიგრაცია თითქმის არ არის:

“ჩემს უბანში მაგალითად იყო სახლები, რომლებიც ნახევარ მილიონ ლარამდე ღირს. მაგალითად, ნათლიაჩემი 15 წელია ემიგრაციაშია და რასაც კი გამოიმუშავებდა, ყველა თეთრს იმ სახლს ახმარდა. ყველა ასე იყო, ვიღაც ემიგრაციაშია, ვიღაც თავდაუზოგავად შრომობს, რომ კაპიტალურად გამართული სახლი ჰქონოდა.

ქირით გადასვლაც არ არის ასეთი მარტივი.

“ამ ადამიანებს ჰყავთ შინაური ცხოველები. ისინი კორპუსებში ვერ იცხოვრებენ. რა ეშველებათ ამ ცხოველებს? მაგალითად ძაღლებს? რა პოლიტიკა აქვს ასეთ დროს სახელმწიფოს? არაფერი ვიცით”, – ამბობს მარიამ გოგოლაშვილი.

ახლა ყველა შოკში და გაურკვევლობაშია. ჯერ ისიც არ იციან, რა სტატუსს მიანიჭებენ – ეკომიგრანტს? დაზარალებულს? როგორ შეფასდება ქონება? რა კრიტერიუმებით?

ამ დრომდე რაც გაარკვიეს, სოფელში უკვე მონიშნეს ზონები და ის ხალხი, ვისი სახლიც წითელ ზონაში მოხვდა, უახლოესი 6 თვე სახლში ვერ მიბრუნდება, გადარჩენილი ნივთები მაინც რომ გამოიტანოს. ოქრო, საბუთები, წამლები – სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაფერი იმ სახლებში ჩარჩა.

“სამსართულიან სახლს, რომელშიც ადამიანმა მთელი ცხოვრება ჩადო მიწა რომ ჩაყლაპავს, ძალიან ძნელია შოკური მდგომარეობიდან გამოსვლა. ამას დაუმატეთ ეს ქაოსი და გაურკვევლობა”, – გვეუბნება მარიამ გოგოლაშვილი.

მეწყერი სოფელ კურსებში


რელევანტური