შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ბევრი ვიზიტი განახორციელა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით.
„2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე გავხდი, პირველი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მქონდა, მეორე ვიზიტი – ბრიუსელში და ბევრი ვიზიტი მივუძღვენი მაშინ, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის საკითხს. იცით, რა იყო ამ ვიზიტებისას, მაშინ მთავარი საკითხი – რატომ იყო მელია დაკავებული, ასევე სააკაშვილთან დაკავშირებული რაღაც საკითხები და სხვა. მაშინ ეს იყო საბაბი, რომ ჩვენთვის ბრალი დაედოთ არადემოკრატიულობასა თუ პოლიტიკურ დევნაში, მაგრამ გავიდა დრო და სტრასბურგმა თქვა, რომ მტყუანები იყვნენ და ტყუილად ესხმოდნენ თქვენს ქვეყანას თავს. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებაზე თავდასხმა. ეს მთლიანად ქვეყნისთვის ჩირქის მოცხებაა. თქვენს ქვეყანას სცხებენ ჩირქს და საბაბად ხან ერთი მიზეზია და ხან მეორე. საბაბი არ გამოილევა იმიტომ, რომ მიზეზი სინამდვილეში სხვაა და არა ის საკითხები, რომელსაც საბაბად იყენებენ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხზე.
„ამ მიმართულებითაც არ დამიკლია მცდელობა, ამ საკითხზე მესაუბრა დონორებთან, ელჩებთან, რომ თავად ყოფილიყვნენ გამჭვირვალე. მაგრამ, სამწუხაროდ არავინ შეისმინა. პარლამენტის შენობაში ვხდებოდი ელჩებსაც, დონორებსაც და ვეუბნებოდი, თქვენი ფული პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება და დამიდასტურეს კიდეც, რომ მართალი ვიყავი. მაგრამ, რეალურად, არავინ გვაჩვენებდა, რაში იხარჯებოდა ეს ფული. ასე არ გამოვა. ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ ხალხის მანდატი გვაქვს და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ვერცერთ უცხოელს, გვიკარნახოს ქვეყნის შიგნით წესები და მით უმეტეს, ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
The post შალვა პაპუაშვილი: დღეს ბურთი ბრიუსელის მოედანზეა, მათ გააფუჭეს ეს ურთიერთობა appeared first on გურია ნიუსი.