ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების დამატებითი ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.
ანალოგიური ბრძანებები ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე წლის სექტემბერსა და მაისში, ასევე გასულ წელსაც აქვს გამოცემული და მათი მეშვეობით პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მიწების სახელმწიფოსთვის იძულების წესით გამოისყიდეს.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, 1135 კვადრატული მეტრის; 16174 კვადრატული მეტრის; 2230 კვ. მეტრის; 1696 კვ. მეტრის და 904 კვ მეტრის მიწის ნაკვეთების იძულებით გამოსყიდვა მოხდება.
კანონის მიხედვით, ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე. თუ მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება.
ცნობისთვის, სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია (ლოტი 1 და ლოტი 2; ლოტი 3 და ლოტი 4).
პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4-ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.
ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB 250 მილიონი ევროს კრედიტით აფინანსებს. აღნიშნული სახსრების ათვისება მიმდინარე წლიდან უნდა დაიწყოს.
2025 წელს პროექტზე 190 მლნ ლარი, 2026-ში 280 მილიონი ლარი, 2027-ში 250 მილიონი ლარი, 2028 წელს კი 90 მილიონი ლარი დაიხარჯება.