არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისიის განცხადება აღიქმება, როგორც „ქართული ოცნების“ შურისძიება იმ სანქციების სანაცვლოდ, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ სატელევიზიო არხებზე – „იმედსა“ და „პოსტივიზე“ დააწესა.
„2026 წლის 6 მარტს ივანიშვილის რეჟიმის კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ღიად დაემუქრა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო მედიას, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი მედიის საწინააღმდეგოდ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს სრულად გამოიყენებს, რაც სანქციის სახით დაჯარიმებას, მაუწყებლობის შეჩერებას ან ლიცენზიის შეწყვეტას გულისხმობს. ეს განცხადება აღიქმება, როგორც „ქართული ოცნების“ შურისძიება იმ სანქციების სანაცვლოდ, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ სატელევიზიო არხებზე – „იმედსა“ და „პოსტივიზე“ დააწესა.
განცხადების თანახმად, კომისია „პრაქტიკაში აამოქმედებს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს შინაარსობრივი რეგულირების კუთხით, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“.
განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს“, კომისია თითქმის ერთი წლის განმავლობაში „მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.“
კომუნიკაციების კომისიამ ღიად განაცხადა, რომ გასულ წელს მიღებული და მისი თქმით, ჯერ კიდევ სრულად გამოუყენებელი რეპრესიული საკანონმდებლო ნორმების გამოყენებას ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილი პროპაგანდისტული არხების „იმედისა“ და „პოსტივის“ ბრიტანული სანქციების სიაში შეტანას უკავშირებს.
ამგვარად, კომუნიკაციების კომისიამ გასაკვირი გულწრფელობით თავადვე აღნიშნა, რომ კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული კანონების სრულად ამოქმედება სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება, ვენდეტა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ, გაერთიანებული სამეფოს მიერ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული არხების და, ირიბად, თავად „ქართული ოცნების“ ანტიუკრაინული და აგრესორი ქვეყნისადმი მაამებლური პოლიტიკის გამო ამ არხების სანქციების სიაში შეტანის სანაცვლოდ”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
The post შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე appeared first on ODISHINEWS.