პლასტიკის აკრძალვა მხოლოდ სასმელს შეეხება და არა საკვებს, როგორც თავიდან იყო დაანონსებული. შესაბამისი დადგენილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილება პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. კერძოდ, 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით),
იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა). გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.
გამოდის სასმელი წყლის შემთხვევაში მოცულობა 10 ლიტრიდან 3 ლიტრამდე შეამცირეს. ხოლო მზესუმზირის ზეთი აკრძალვებში აღარ შედის, გამომდინარე იქიდან, რომ ის სასმელში არ შედის და საკვებ პროდუქტად მიიჩნევა.
მთავრობა აკრძალვის მიზეზად პლასტმასით გარემოს დაბინძურებას ასახელებს.(ბიემჯი)
The post პლასტიკის აკრძალვა მხოლოდ სასმლის რეალიზაციას შეეხება, საკვებ პროდუქტებს კი აღარ appeared first on .