გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს — Cnoba

News.ge სიახლე 12 Mar 2026, 13:40

ძალის გამოყენებით მოხდა [პრეზიდენტის სასახლის] ღობის დაზიანება, გადატეხა – დაზიანებული ღობე ე.წ. რიტუალების სასახლის დაცულ ტერიტორიაზეა გადატანილი , – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა კონსტანტინე კერესელიძემ განაცხადა, რომელიც მოწმის სახით იკითხება. უფრო კონკრეტულად, მოწმის თქმით, სასახლის დაზიანებული ღობე დაათვალიერეს, რის შემდეგაც ე.წ. რიტუალების სასახლის ტერიტორიაზე გადაიტანეს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს […]

ძალის გამოყენებით მოხდა [პრეზიდენტის სასახლის] ღობის დაზიანება, გადატეხა – დაზიანებული ღობე ე.წ. რიტუალების სასახლის დაცულ ტერიტორიაზეა გადატანილი , – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა კონსტანტინე კერესელიძემ განაცხადა, რომელიც მოწმის სახით იკითხება.

უფრო კონკრეტულად, მოწმის თქმით, სასახლის დაზიანებული ღობე დაათვალიერეს, რის შემდეგაც ე.წ. რიტუალების სასახლის ტერიტორიაზე გადაიტანეს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადასცეს.

ამასთან, მისი თქმით, გამოძიების შედეგად ამოღებული კადრების დათვალიერებით ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის დღეს პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესვლას და ზოგი მათგანი პოლიციაზე ახორციელებს ფიზიკურ ზეწოლას.

კონსტანტინე კერესელიძემ, რომელიც ამ საქმეში მთავარი გამომძიებელია, სასამართლო სხდომაზე, ასევე, ისაუბრა ბრალდებულების ქმედებებზე. მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული, ირაკლი შაიშმელაშვილის ქმედება გამოიხატა მიეს მიერ მოწოდებაში, სახელმწიფო დამხობაში.

ის, ასევე, მოუწოდებდა სამართალდამცველებს, რომ არ განეხორციელებინათ თავიანთი უფლებამოსილება და რომ გადასულიყვნენ ხალხის მხარეს, რაც დადასტურებულია ვიდეო დათვალიერების შედეგად. მოწმის თქმით, ეს მიუთითებს, რომ შაიშმელაშვილი არის უშუალო ორგანიზატორი.

“გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და აქციის სხვა ორგანიზატორები მიმართავენ მოსახლეობას, რომ 4 ოქტომბერს მოხდება აღნიშნული ხელისუფლების ცვლილება….

ვიდეოკადრებში დასტურდება ამ პირების შესვლა სტრატეგიულ ობიექტში….

აქციის დროს ათეულობით სამართალდამცველმა მიიღო მძიმე დაზიანებები”, – განაცხადა კონსტანტინე კერესელიძემ.

ამის შემდგომ მას ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ მიმართა გამომძიებელს, აღწეროს ლაშა ბერიძის მიერ პრეზიდენტის სასახლეში შესვლისა და გამოსვლის მომენტი.

მოწმის თქმით, დათვალიერებული კადრების მიხედვით, ლაშა ბერიძის მხრიდან იყო ძალადობის ორგანიზება. მისი თქმით, არის ვიდეომასალა, რომ, როცა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შედიან, ხალხსაც მოუწოდებენ, რომ “შევიდეს სულ ყველა”. ამ დროს მას ადვოკატმა მიუთითა, რომ აქ მრავლობითში ნუ ისაუბრებს და დააკონკრეტოს, ლაშა ბერიძის მხრიდან ჰქონდა, თუ არა მოწოდებას ადგილი.

მოწმე გამომძიებლის თქმით, კადრების მიხედვით, ჟესტიკულაციით მოუწოდებენ ხალხს, რომ შევიდნენ სასახლის ეზოში, რაზეც ადვოკატმა კვლავ კონკრეტიკა მოსთხოვა – დააკონკრეტოს ლაშა ბერიძე რა ფორმით მოუწოდებს ხალხს პრეზიდენტის სასახლეში შესვლისკენ, ოღონდ ეს დააკონკრეტოს ისე, რომ “ტყუილი არ თქვას”.

“როგორც მახსოვს ლაშა ბერიძემ მოუწოდა [პრეზიდენტის სასახლეში] შესვლისკენ, ოღონდ ხმა არ ისმის. როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს რომ შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში. შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული, მაგრამ ჟესტიკულაციით მოუწოდებდა. არ მახსოვს, რომ მას პოლიციისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა. ლაშა ბერიძე სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა გადაანგრიეს სასახლის ღობე. პაატა ბურჭულაძემ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა ჩავიგდოთ ხელშიო. (სასახლის ეზოდან) თუ არ ვცდები, ჯერ გამოდის ბურჭულაძე და მერე ლაშა ბერიძე. მე გითხარით, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლე ჩაეგდოთ ხელში…

უშუალოდ ლაშა ბერიძის მხრიდან არცერთი პოლიციელი არ დაზიანებულა, თუ ეს გაინტერესებთ”, – განაცხადა კონსტანტინე კერესელიძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

 

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რელევანტური