თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია — Cnoba

Alia სიახლე 12 Mar 2026, 12:57

თავბრუსხვევას ადამიანები ზოგჯერ არ მიიჩნევენ სერიოზული დაავადების მანიშნებელ სიმპტომად, არადა, იმის მიხედვით, რა პერიოდულობით გვხვდება, რა დროის შუალედია თავბრუსხვევის ეპიზოდებს შორის, ახლავს თუ არა, ყურის ე.წ. დაგუბება, ან სხვა დამატებითი სიმპტომები და რა მოქმედების შედეგად ჩერდება – არაერთი დაავადება გამოკვლეულა დროულად და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილა. დღეს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი, 21–წლიანი პროფესიული შტაჟით, ინგა […] The post თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია appeared first on .

თავბრუსხვევას ადამიანები ზოგჯერ არ მიიჩნევენ სერიოზული დაავადების მანიშნებელ სიმპტომად, არადა, იმის მიხედვით, რა პერიოდულობით გვხვდება, რა დროის შუალედია თავბრუსხვევის ეპიზოდებს შორის, ახლავს თუ არა, ყურის ე.წ. დაგუბება, ან სხვა დამატებითი სიმპტომები და რა მოქმედების შედეგად ჩერდება – არაერთი დაავადება გამოკვლეულა დროულად და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილა.

დღეს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი, 21–წლიანი პროფესიული შტაჟით, ინგა გოგია დეტალურად გვიყვება რა არის თავბრუსხვევა, რა დეტალები უნდა გამოიკითხოს პროფესიონალმა ანამნეზის სწორად დასადგენად, რა დაავადებებზე მიუთითებს და როგორ ხდება მკურნალობა.

– რა არის თავბრუსხვევა და რითი განსხვავდება სხვა ვესტიბულური სიმპტომებისგან?

– პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თავბრუსხვევა – ეს არ არის ცალკე აღებული პათოლოგია. ეს არის ვესტიბულური დარღვევის ისეთივე ჩივილი, როგორიც: დეზორიენტაცია, გაბრუება. ოსცილოფსია.

თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელსაც ადამიანი ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით კი ხანდაზმულობისას, აღნიშნავს.

არსებობს ვესტიბულური ჩივილების საერთაშორისო კლასიფიკაცია:

  • პირველ ადგილზეა თავბრუსხვევა (Vertigo): ეს არის თავის უძრაობის პირობებში საკუთარი სხეულის მოძრაობის შეგრძნება, ან ამ შეგრძნების გაუკუღმართება თავის მოძრაობისას.
  • გარდა თავბრუსხვევისა ვესტიბულურ ჩივილებში შედის ისეთი ჩივილი, როგორიც არის გაბრუება, სივრცეში დეზორიენტაცია ან Dizziness .
  • შემდეგი არის ოსცილოფსია: ეს არის მხედველობითი აღქმის გაუკუღმართება, გარემომცველი საგნების რხევის ან მოძრაობის შეგრძნება.
  • კიდევ ერთი ვესტიბულური ჩივილი არის დისბალანსი ანუ წონასწორობის მოშლა ან არამდგრადობა.

– რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული თავბრუსხვევა?

–თავბრუსხვევის ძირითადი მიზეზები შეიძლება გავყოთ რამოდენიმე ნაწილად:

პირველი და ყველაზე დიდი მიზეზი არის ვესტიბულური, ანუ შიგნითა ყურის მიზეზები – უფრო სწორად, შიგნითა ყურში განლაგებული პერიფერიული ვესტიბულური აპარატის დარღვევისგან გამოწვეული თავბრუსხვევა.

ვესტიბულური მიზეზებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება: კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პერიფერიული თავბრუსხვევა; ვესტიბულური ნეირონიტი; მენიერის დაავადება; პერილიმფური ფისტულა და ლაბირინთიტი.

შემდეგი დიდი ჯგუფი არის ნევროლოგიური მიზეზები. ეს შეიძლება იყოს: ვესტიბულური შაკიკი; ინსულტი; თავის ტვინის ტრავმა და ა.შ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიდან გამოწვეული მიზეზები: დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა; ორთოსტატიული ჰიპოტენზია; გულის რიტმის დარღვევების დროს თავბრუსხვევები.

მეტაბოლური ან ზოგადი მიზეზები: ანემია; სისხლში შაქრის დაბალი დონე; დეჰიდრატაცია; ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციები.

მედიკამენტები და სხვა ფაქტორები, რომლებიც იწვევს თავბრუსხვევას: ზოგიერთი წამლის გვერდითი ეფექტი; ალკოჰოლი; შფოთვა და პანიკური შეტევები“.

– რამდენად ხშირადაა თავბრუსხვევა დაკავშირებული ყელ-ყურ-ცხვირის სისტემასთან?

– თავბრუსხვევის მიზეზი დაახლოებით 70-80%-ში არის დაკავშირებული ყელ-ყურ-ცხვირის სისტემასთან, ანუ შიგნითა ყურში განლაგებული პერიფერიული ვესტიბულური აპარატის დარღვევასთან. დანარჩენი 20-30% არის დაკავშირებული ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, ან სხვა ზოგად მიზეზებთან, სხვა სისტემების ჩართულობით.

– გამომწვევი მიზეზის ზუსტად დადგენა თუ შეიძლება კვლევით?

– დიახ, თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა შესაძლებელია კვლევით, რომელსაც ჰქვია ვესტიბულომეტრია“.

– რა არის ვესტიბულომეტრია?

– ვესტიბულომეტრია არის გამოკვლევების კომპლექსი, რომელიც აფასებს შიგნითა ყურის ვესტიბულური აპარატის და მასთან დაკავშირებული ნერვული გზების ფუნქციას. იგი გამოიყენება თავბრუსხვევის, წონასწორობის დარღვევისა და არასტაბილურობის მიზეზების დასადგენად.

ვესტიბულომეტრია იკვლევს: შიგნითა ყურის, ანუ ლაბირინთის ფუნქციას; ვესტიბულური ნერვის მდგომარეობას; თვალების მოძრაობის რეაქციას — ნისტაგმს; ტვინის მიერ წონასწორობის კონტროლს. გამოკვლევის ზუსტი შემადგენლობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტთან, სიმპტომებისა და ანამნეზის მიხედვით, მაგრამ ყველაზე ხშირად იგი მოიცავს: ვიდეონისტაგმოგრაფიას; კალორიულ – პოზიციურ ტესტებს; ვიდეოიმპულსურ ტესტს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, – სანამ გადავალთ ვიდეონისტაგმოგრაფიაზე, უნდა დავიწყოთ ანამნეზის სწორად შეკრებით. ვინაიდან დიაგნოსტიკის 50% არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოვკითხავთ ჩვენ პაციენტს. ამ შემთხვევაში ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ყველა პაციენტი სხვადასხვანაირად გვიხსნის, რა არის მისთვის თავბრუსხვევა, რას გრძნობს მაგ დროს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის: რა შემთხვევაში, რა პირობებში, რა მდგომარეობაში ემართება პაციენტს თავბრუსხვევა; რამდენი ხანი გრძელდება ეს ეპიზოდი; არის, თუ არა, თავბრუსხვევა პერიოდული, რამდენია ეს პერიოდი თავბრუსხვევის შეტევებს შორის; ასევე აქვს მნიშვნელობა იმას, რას აკეთებს პაციენტი, როცა ეწყება თავბრუსხვევა, რითი შველის თავს, ანუ რა აძლევს პაციენტს შვებას მაგ დროს. ასევე ბევრ კითხვას ვუსვამთ იმაზე, თუ რა ქრონიკული დაავადებები აქვს პაციენტს, რომ გავარკვიოთ, ეს თავბრუსხვევა არის თუ არა კავშირში პერიფერიულ ვესტიბულურ აპარატთან, თუ არის სხვა სისტემების დარღვევიდან გამოწვეული თავბრუსხვევა.

როცა ანამნეზი შეკრებილია და ჩვენ უკვე ძირითადად გვაქვს სხვადასხვა მონახაზი პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ვიწყებთ უკვე ინსტრუმენტალურ კვლევებს, რომ ზუსტად დავადგინოთ თავბრუსხვევის მიზეზი და დავსვათ სწორი დიაგნოზი.

აქვე დავამატებ, რომ ძირითადი დაავადებები, რომლის დიაგნოსტიკა ხდება ვესტიბულომეტრიის დროს, ეს არის: კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პერიფერიული თავბრუსხვევა; ვესტიბულური ნეირონიტი; მენიერის დაავადება.

– რა სიმპტომების შემთხვევაშია რეკომენდებული ვესტიბულომეტრიის ჩატარება?

– ვესტიბულომეტრია ინიშნება მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვი ვესტიბულური სისტემის ფუნქციის დარღვევაზე. როდესაც გვაქვს: თავბრუსხვევა; ბრუნვის, ტრიალის შეგრძნება; სხეულის გადახრის ან წაქცევის შეგრძნება; თავბრუსხვევა თავის ან სხეულის პოზიციის შეცვლის დროს; სიარულის დროს რხევა, ხშირი დაცემა. ასევე ინიშნება, როცა სიმპტომები გრძელდება კვირები ან თვეები — მაშინ გვაქვს ეჭვი ფუნქციურ თავბრუსხვევაზე, ან ეგრეთ წოდებულ PPPD-ზე.

ვესტიბულომეტრია ინიშნება კიდევ მაშინ, როცა თავბრუსხვევას თან ახლავს ყურის სიმპტომატიკა: ხმაური ყურში (ტინიტუსი); სმენის დაქვეითება; ყურში დაგუბების ან სისავსის შეგრძნება. ასევე ინიშნება ტრავმების ან ინფექციის შემდეგ და ვესტიბულური პათოლოგიის დადგენის შემდეგ ჩატარებული მკურნალობის ეფექტის შეფასების გამოც.

– რომელი ვესტიბულური პრობლემები გვხვდება ყველაზე ხშირად?

– ყველაზე ხშირად პერიფერიულ ვესტიბულურ პათოლოგიაში გვხვდება ეგრეთ წოდებული კეთილთვისებიანი პერიფერიული პოზიციური თავბრუსხვევა — ინგლისური აბრევიატურით BPPV. ეს თავბრუსხვევა პროვოცირდება პოზიციის შეცვლით: მაგალითად, წამოდგომისას; საწოლში გადაბრუნებისას; თავის უეცარი მოძრაობისას რომელიმე მხარეს (მარჯვნივ ან მარცხნივ) და ასე შემდეგ.

ამ დროს პაციენტს აქვს ტრიალის და ვარდნის შეგრძნება. ამ თავბრუსხვევას უწოდებენ კეთილთვისებიანს, იმიტომ რომ შესაძლებელია ამისი განკურნება, მთავარია დროულად მივმართოთ პროფესიონალს და ზუსტი დიაგნოზისთანავე, დავიწყოთ სწორად მკურნალობა.

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პერიფერიული თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზები არის ოტოკონიები – ეგრეთ წოდებული კალციუმის ბიკარბონატის კრისტალები, რომლებსაც აქვთ თავისი ადგილი პერიფერიულ ვესტიბულურ აპარატში (ეს არის საკულა ან პარკუჭი). მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ოტოკონიები დისლოცირდება, გამოვარდება თავისი ლოკუსიდან და აღმოჩნდება ნახევარრკალოვან არხებში. არსებობს ორი ვარიანტი: ეს კრისტალები შეიძლება თავისუფლად მოძრაობდეს ნახევარრკალოვანი არხების ენდოლიმფაში; ან შეიძლება იყოს მიწებებული კუპულაზე. ამის მიხედვით განსხვავდება სიმპტომატიკა და მკურნალობის ტაქტიკაც.

– როგორ ხდება კრისტალების სწორ პოზიციაში დაბრუნება?

– პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, კონკრეტულად რომელ ნახევარრკალოვან არხში გვაქვს პრობლემა. ვესტიბულური ტესტების დასრულების შემდეგ, იწყება სარეპოზიციო–სამკურნალო მანევრები, რომელიც ყველა არხისთვის არის სხვადასხვა.

აქვე დავამატებ, რომ სარეპოზიციო მანევრების ჩატარების დროს პაციენტთან ერთად ვაკეთებთ სხვადასხვა მოძრაობებს იმისთვის, რომ დისლოცირებული ოტოკონიები, კალციუმის კრისტალები, დავაბრუნოთ თავის კუთვნილ ადგილას. არსებობს სხვადასხვა მანევრები კონკრეტულად ყველა არხისთვის.

– როგორ მუშაობს ვიდეონისტაგმოგრაფია?

– ვიდეონისტაგმოგრაფია არის ვესტიბულური სისტემის კვლევა, რომელიც აფასებს წონასწორობის ორგანოს მუშაობას თვალების მოძრაობის ანალიზით. პაციენტს უკეთდება ვიდეო სათვალე, კამერები მუდმივად იღებს თვალების მოძრაობას, კომპიუტერი აფიქსირებს თვალების მიკრომოძრაობებს. კეთდება სხვადასხვა ტესტები: თვალების მოძრაობის ტესტები; პოზიციური ტესტები და ასე შემდეგ. უპირატესობა არის იმაში, რომ ხდება ზუსტი დიაგნოსტიკა.

პროცედურა გრძელდება დაახლოებით ერთი საათი. ეს კვლევა არის უსაფრთხო და გვერდითი ეფექტები არის იშვიათად. რაც შეიძლება მოხდეს ამ ტესტების დროს, ეს არის თავბრუსხვევა და იმისდა მიხედვით, რომელი ტესტების დროს აქვს პაციენტს თავბრუსხვევა, ხდება დიაგნოსტიკა. არის ტესტები, როდესაც თავბრუსხვევა უნდა ჰქონდეს პაციენტს, იმიტომ რომ ჩვენ ვიკვლევთ გამაღიზიანებელზე პაციენტის ვესტიბულური აპარატის პასუხს და არის ტესტები, როდესაც თავბრუსხვევა არ უნდა იყოს და პაციენტს მაინც აღენიშნება.

თავბრუსხვევა შეიძლება იყოს ზოგ პაციენტთან უფრო ძლიერი, ზოგ პაციენტთან უფრო სუსტი – ეს გააჩნია დაავადების ხანგრძლივობას და ასევე პაციენტის ემოციურ ფონს. რამდენად ემოციურად, როგორი განწყობით მოდის პაციენტი ამ კვლევაზე. ამიტომ ყოველთვის, ჩაწერის დროს, ვურჩევთ პაციენტებს, რომ იყვნენ მშვიდად, რაც უფრო მშვიდად იქნება პაციენტი, უფრო ხარისხიანად ჩავატარებთ კვლევას.

(R)

The post თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია appeared first on .


რელევანტური