საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან, ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს, ასევე ელჩებს.
“საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გია ჯანჯღავას, ასევე კატარში – ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში – ნიკოლოზ რევაზიშვილს და ასევე მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომელს, ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.
4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან და ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე. ყველა რეისი სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The post ირაკლი კობახიძე: საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც არაბული ქვეყნებიდან დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე appeared first on გურია ნიუსი.