გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 335 კუბური მეტრი ბაზალტის ქვა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეფასებულია 2 000 ლარად.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაგზავნეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და ცხელ ხაზზე (153) შემოსულ ყველა შეტყობინებას მყისიერად რეაგირებენ.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მონაცემებით, 2025 წელს რეგიონში წიაღის უკანონო მოპოვებისა და სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევის 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის პირობების კონტროლი დეპარტამენტმა 2025 წლის ივნისიდან დაიწყო.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.