შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ამ სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს გურიაში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 133-ს შეადგენს, მომხდარ ავარიებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 199 კი დაშავდა.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს, ყველაზე ბევრი, 620 შემთხვევა დაფიქსირდა 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის.
როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, 125-ე მუხლი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ითვალისწინებს. კერძოდ, 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევა ითვალისწინებს ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის, მე-6 ნაწილი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება 62 ნაწილს- გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილი კი მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ნიშნის („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი ნიშნის („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
35 შემთხვევაში დაირღვა 121-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
121-ე მუხლი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, ყველაზე მეტ შემთხვევაში ავარიის გამომწვევი მიზეზი მოხვევის მანევრი და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა გახდა.
The post რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა) appeared first on გურია ნიუსი.