სააგენტო "პარალელი"
“სულ მცირე, სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გაჩნდა ერთობა, ალიანსი, რომელიც არის ერთგვარი სუბიექტი, ანუ პროტესტის პოლიტიკური წარმომადგენელი” – ლაშა ბუღაძე
ახალი პოლიტიკური გაერთიანების – “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებას ეხმიანება ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
“არ ვარ მომხრე, იმაზე მეტი მოლოდინი შევიქმნათ ან იმაზე მეტი დავაკისროთ ვინმეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ივანიშვილის ავტოკრატიამ შექმნა, მაგრამ, სულ მცირე, სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გაჩნდა ერთობა, ალიანსი, რომელიც არის ერთგვარი სუბიექტი, ანუ პროტესტის პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელიც სხვა თუ არაფერი, თუნდაც სახე იქნება საქართველოს გულშემატკივრებისთვის დასავლეთში და ჩვენთვის კი, ხალხისთვის, პლატფორმა, რაც დამატებით პოლიტიკურ შინაარსს შესძენს ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებას.
ცუდია, რომ აქ არაა “ლელო” და არც ზოგიერთი სხვა, რადგან მარტო მყოფებს რა ბედიც ეწიათ, ყველამ ვიხილეთ. ოდესმე ხომ შეიძლება საქართველოში გამოცდილებად იქცეს დიდი და სახელმწიფოებრივი თემების ირგვლივ ერთიანობა, მით უმეტეს, რომ ახლა შავი და თეთრია ყველაფერი! ეს არ მოხდა საპარლამენტო არჩევნებამდე – პროტესტის მიერ მომზადებული ენერგია ვიწროპარტიულმა სუბიექტივიზმმა დაანაწევრა ლუის კეროლის ელისის ტორტივით (რომ არც იჭმება, თუკი ნაჭრებს სწორად არ გადაანაწილებ), ხოლო ე. წ. თვითმმართველობის არჩევნები კი საერთოდაც ღალატის მსგავს იდიოტიზმად იქცა (2 პარტიის არაადეკვატურობის თუ სხვა მიზეზთა გამო), მაგრამ ახლა ეს უთუოდ დაგვიანებულად დროულია და კარგი იქნება, თუკი ყველა სიფრთხილით და არა გადაჭარბებული აღქმებით, საქმიანად და პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ნაბიჯს.
შეიძლება დეტალია, მაგრამ ეს კი არ ვიცი, რა პარტიაა დღეს “ედპ” და ვინაა მისი წარმომადგენელი? პარტიის ისტორიას პატივს ვცემ, მაგრამ ალბათ უნდა ვიცოდეთ, ვინ წარმოგვადგენს ოპოზიციაში“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.
“სულ მცირე, სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გაჩნდა ერთობა, ალიანსი, რომელიც არის ერთგვარი სუბიექტი, ანუ პროტესტის პოლიტიკური წარმომადგენელი” – ლაშა ბუღაძე
პარალელი