სიახლე

გურული აბიტურიენტების წარმატება, დაფინანსების ახალი წესი და სკოლების გამოწვევები

GuriaNews

გასულ კვირას, “გურია ნიუსმა” საკუთარ ვებგვერდზე მკითხველს არაერთი გურული აბიტურიენტის წარმატების შესახებ უამბო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ახალგაზრდები ელოდებიან, რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ სწავლას. თუმცა, გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება, რომლითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრა. დადგენილების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების […] The post გურული აბიტურიენტების წარმატება, დაფინანსების ახალი წესი და სკოლების გამოწვევები appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გასულ კვირას, “გურია ნიუსმა” საკუთარ ვებგვერდზე მკითხველს არაერთი გურული აბიტურიენტის წარმატების შესახებ უამბო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ახალგაზრდები ელოდებიან, რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ სწავლას.

თუმცა, გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება, რომლითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრა.

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების ორი ძირითადი ფორმა იმოქმედებს:

_ საბაზო დაფინანსება;

_ სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება.

სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას განათლების სამინისტრო დაამტკიცებს, ხოლო საბაზო დაფინანსება ორი კომპონენტისგან შედგება.

პირველი კომპონენტი გარანტირებული საბაზო დაფინანსებაა, რომელიც სტუდენტის სწავლის საფასურის 50 პროცენტს დაფარავს. დარჩენილი 50 პროცენტის ანაზღაურება კი დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსებით იქნება შესაძლებელი.

რას ნიშნავს დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები სწავლის პირველ და მეორე სემესტრში დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას უპირობოდ მიიღებენ.

მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დაფინანსებისთვის კი სტუდენტმა წინა სემესტრში სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული 30 ECTS კრედიტის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა დააგროვოს.

შესაბამისად, დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტს სულ მცირე 24 კრედიტის მიღება დასჭირდება.

დადგენილებაში აღნიშნულია:

“აღნიშნული კომპონენტი განკუთვნილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის სრული დაფინანსებისთვის _ საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების დარჩენილი 50 პროცენტის ოდენობით, რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით.

დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილ ყველა პირს უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისთვის მიეცემა. მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად კი პირი ვალდებულია, წინა სასწავლო სემესტრში, რომლის განმავლობაშიც მას აქტიური სტატუსი ჰქონდა, სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტების არანაკლებ 80 პროცენტი დააგროვოს”.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მომდევნო სემესტრიდან მას დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება შეუჩერდება. ასეთ შემთხვევაში სწავლის საფასურის დარჩენილი 50 პროცენტის დაფარვა სტუდენტს საკუთარი სახსრებით მოუწევს.

მთავრობის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ აბიტურიენტებს უფრო ადრე უნდა სცოდნოდათ. მათი შეფასებით, ახალგაზრდებმა პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევამდე უნდა იცოდნენ, რა პირობებით შეძლებდნენ სახელმწიფო დაფინანსების მიღებასა და შენარჩუნებას.

 “ახალგაზრდები ინგლისურ ენას ყოველდღიურად იყენებენ“

როგორც წინა წლებში, წელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბევრმა აბიტურიენტმა ინგლისურ ენაში უფრო მაღალი ქულა მიიღო, ვიდრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ღლონტი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს ტენდენცია, მართლაც, თვალსაჩინოა და მას რამდენიმე კომპლექსური მიზეზი აქვს.

მისი თქმით, ინგლისური ენის გამოცდა, ძირითადად, საბაზო და საშუალო დონის ენობრივ კომპეტენციებს ამოწმებს _ გრამატიკას, ტექსტის გააზრებასა და სტანდარტული წერითი დავალების შესრულებას. შეფასების კრიტერიუმებიც კონკრეტული და შედარებით ობიექტურია.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა კი, აბიტურიენტისგან მხატვრული ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას, ანალიზს, არგუმენტირებულ მსჯელობასა და ესეს წერას მოითხოვს.

“შეფასება უფრო რთული და მრავალკომპონენტიანია, შესაბამისად, შეცდომის დაშვების ალბათობაც მაღალია“, _ ამბობს მაია ღლონტი.

პედაგოგის შეფასებით, ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ისიც, რომ ახალგაზრდები მას ყოველდღიურად იყენებენ სოციალურ ქსელებში, ვიდეოთამაშებში, ფილმებსა და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე.

“ეს ბუნებრივად უვითარებს მათ ენის შეგრძნებას. მოსწავლეები ინგლისურს გლობალურ ინსტრუმენტად აღიქვამენ, რაც მათ შინაგან მოტივაციას ზრდის. უცხო ენების სწავლებისას აქტიურად გამოიყენება თანამედროვე, ინტერაქციული სახელმძღვანელოები და კომუნიკაციური მეთოდები.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება კი ხშირად კვლავ დაზეპირებასა და შაბლონურ მიდგომებზეა დაფუძნებული, რაც მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას აფერხებს“, _ ამბობს მაია ღლონტი.

მისივე განმარტებით, გამოცდებზე მიღებული შედეგები არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა ინგლისური მშობლიურ ენაზე უკეთ იციან.

“ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ აკადემიური და ანალიტიკური წერა, ასევე ლიტერატურული ტექსტის გააზრება, ბევრად უფრო რთული კომპეტენციაა, ვიდრე უცხო ენის სტანდარტულ დონეზე ფლობა“, _ გვითხრა მაია ღლონტმა.

ორ შენობაში ორ ცვლაში _ ჩოხატაურის#1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება

გურიის არაერთი სკოლის მოსწავლე წლებია, საკუთარ სასკოლო შენობაში ვეღარ სწავლობს. ზოგიერთ მათგანს სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად მეზობელ სოფელში ან ალტერნატიულ შენობაში უწევს მისვლა.

მიუხედავად რთული პირობებისა, ასეთი სკოლების კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. მათ შორის არიან ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიც.

სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ უკვე ორი წელია, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის სასწავლო პროცესი ორ ალტერნატიულ შენობაში, ორ ცვლაში მიმდინარეობს.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, სკოლაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები მუშაობენ.

“სკოლას ჰყავს მაღალი აკადემიური დონის პედაგოგები, რომლებიც გამოირჩევიან ღრმა პროფესიული ცოდნითა და საგანმანათლებლო ინოვაციების გამოყენებით. 43 პედაგოგიდან სამი მენტორია, 12 _ წამყვანი, დანარჩენები კი უფროსი მასწავლებლები არიან.

ისინი ფორსმაჟორულ სიტუაციაშიც სრულად პასუხობენ გამოწვევებს და თავდაუზოგავად შრომობენ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და მაღალი აკადემიური შედეგების მისაღწევად“, _ ამბობს ეთერ წილოსანი.

მისი ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წელს სკოლას 11 მედალოსანი ჰყავს და ყველა მათგანმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგი აჩვენა. კარგი ქულები მიიღეს სკოლის სხვა კურსდამთავრებულებმაც.

“მათ ასახელეს მშობლიური სკოლა, მშობლები და აღმზრდელი პედაგოგები. ბევრი მათგანი კონკრეტულ საგნებში განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩეოდა.

ვულოცავ ახალგაზრდებს მიღებულ შედეგებს და ვუსურვებ სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრას. მადლობა მათ მშობლებს 12 წლის განმავლობაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, ასევე, რეპეტიტორებს, რომლებმაც მოსწავლეებთან აბიტურიენტობის პერიოდში იმუშავეს და პედაგოგებთან ერთად თავიანთი წვლილი შეიტანეს მათ წარმატებაში“, _ აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

ეთერ წილოსანი მადლობას უხდის სკოლის პედაგოგიურ გუნდს და იმედოვნებს, რომ ახალი სკოლის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება.

“ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და 2028-2029 სასწავლო წელს ახალ შენობაში შევხვდებით“, _ ამბობს წილოსანი.

 ვინ მიიღებს 3 000 ლარს ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

მერიის მიერ 29 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 000 ლარს მიიღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა კურსდამთავრებული, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ სავალდებულო საგანში ტესტის მაქსიმალური ნედლი ქულის 90 პროცენტი ან მეტი მიიღო.

კურსდამთავრებულის სკოლას კი ერთჯერადად 1 500 ლარი გადაეცემა.

ჯილდოს მისაღებად კურსდამთავრებულმა უნდა წარადგინოს:

_ განცხადება;

_ პირადობის მოწმობის ასლი;

_ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

_ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა საგამოცდო საგნებში მიღებული ქულების შესახებ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სასულიერო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წელს სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს, ერთჯერადად 500 ლარი გადაეცემათ.

მათ მერიაში უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და საჯარო ან სასულიერო სკოლის მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია, როგორც ოზურგეთის მერიის კანცელარიაში, ისე ელექტრონული ფოსტის მისამართზე _ meriaozurgeti2018@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ოზურგეთის მერიის განათლების განყოფილებას მიმართონ.

The post გურული აბიტურიენტების წარმატება, დაფინანსების ახალი წესი და სკოლების გამოწვევები appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი