
ვახო სანაიას 14-დღღიანი პატიმრობა შეფარდეს
22 ივლისს, „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ვახო სანაიას მიმართ მოკვლევა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ, ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი სტატუსების გამო დაიწყო. ვლადიმერ ბოჟაძე 2025 წლიდან “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელია, თუმცა 2024 წელს პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით მოხვდა.
- “ცენზურის საფრთხე”. რა ვიცით შსს-ს ახალ სამმართველოზე, რომელიც საჯარო კომუნიკაციას გააკონტროლებს
- “გათვლაა, ადამიანებმა თავს თვითცენზურა დაუწესონ” — მოსაზრება ე.წ. “სქროლვა-სქრინვის” სამმართველოზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
ამ სამმართველოს მოკვლევის საფუძველზე, 10 ივლისს, ვახო სანაია, ერთხელ უკვე დააჯარიმეს ექვსი ათასი ლარით.
სტატუსში, რის გამოც, ჯარიმა დააკისრეს, სანაია წერდა:
„ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე [მოსამართლე] და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება… აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
დაჯარიმების შემდეგ, სანაიამ სოციალურ ქსელში კვლავ მსგავსი შინაარსის სტატუსი დაწერა:
„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ, აბა ეძახეთ“.
18 ივლისს ვახო სანაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ პოსტის გამო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ვახო სანაია არ ესწრებოდა.
“ვხარხარებ” – დაწერა მან სოციალურ ქსელში, მას შემდეგ, რაც გავრეცლდა ინფორმაცია, რომ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
მოკლედ, სამმართველოს საქმიანობაზე
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება.
ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს.
სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი.
ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან. ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, რომელიც ამ სამმართველოს ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა.
ვახო სანაიას 14-დღღიანი პატიმრობა შეფარდეს