სიახლე

IPI: საქართველოში მედიის თავისუფლების სწრაფი გაუარესება ფიქსირდება

GuriaNews

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” განცხადებით, საქართველოში მედიის თავისუფლების სწრაფი გაუარესება ფიქსირდება. “„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) დღეს განგაშს ტეხს საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების წინააღმდეგ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების მორიგ ესკალაციას წარმოადგენს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება იმატებს დამოუკიდებლობას მოკლებული მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით, […] The post IPI: საქართველოში მედიის თავისუფლების სწრაფი გაუარესება ფიქსირდება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” განცხადებით,  საქართველოში მედიის თავისუფლების სწრაფი გაუარესება ფიქსირდება.

“„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) დღეს განგაშს ტეხს საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების წინააღმდეგ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების მორიგ ესკალაციას წარმოადგენს.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება იმატებს დამოუკიდებლობას მოკლებული მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით, IPI კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სასწრაფო ზომების მიღებისკენ, რათა მედიის თავისუფლებისგან დარჩენილი ნაწილი იქნას დაცული.

25 ივნისს, საქართველოს მედიარეგულატორმა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (ComCom), კრიტიკულ მაუწყებელ TV Pirveli-ს 2 500 ლარის (€830) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კომისიამ მიზეზად არაერთ საინფორმაციო გამოშვებაში სარედაქციო სტანდარტების სავარაუდო დარღვევა და სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უგულებელყოფა დაასახელა.

სანქციებს შორის, რომლებიც TV Pirveli-ს დაეკისრა, იყო ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული პირების მოხსენიება „სინდისის პატიმრებად“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აღწერა „ოლიგარქად“.

21 მაისს, კომუნიკაციების კომისიამ იდენტური ჯარიმა დააკისრა კიდევ ერთ კრიტიკულ ტელემაუწყებელს, Formula TV-ს. ტელეკომპანია დაისაჯა გამოყენებული ლექსიკის გამო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებისთვის, ტერმინ „სინდისის პატიმრების“ გამოყენებისა და პროსამთავრობო ტელეარხების აღწერისას გამოყენებული ფორმულირებების გამო.

მარეგულირებელმა ორგანომ ორ მაუწყებელს ჯარიმები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე დააკისრა. აღნიშნულ კანონში ცვლილებები მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს შეიტანა.

ამ ცვლილებების მიხედვით, კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება აღასრულოს ის სტანდარტები, რომლებიც მანამდე ჟურნალისტური საზოგადოების თვითრეგულირების ჩარჩოებში განიხილებოდა. შესწორებებმა გააფართოვა კომისიის უფლებამოსილება მიუკერძოებლობის, სიზუსტის, სამართლიანობისა და კონფიდენციალურობის რეგულირების კუთხით. კომისიას ასევე მიენიჭა უფლება, ახალი წესების დარღვევის შემთხვევაში, გამოსცეს ჯარიმები წლიური შემოსავლის 3%-მდე ოდენობით, ან გააუქმოს კიდეც მაუწყებლის ლიცენზია.

იმ პერიოდში IPI მოითხოვდა ამ ცვლილებების გაუქმებას და ამტკიცებდა, რომ ისინი კომუნიკაციების კომისიას მისცემდა შესაძლებლობას, ემოქმედა როგორც მთავრობის ცენზორს კრიტიკული მედიასაშუალებების გასაჩუმებლად. თუ რეგულატორი ახლა დაადგენს, რომ რომელიმე მაუწყებელმა განმეორებითი დარღვევა ჩაიდინა, მას აქვს უფლება დაიწყოს სამართალწარმოება მედიასაშუალებისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის მიზნით. ბოლოდროინდელი ჯარიმები მას შემდეგ დაწესდა, რაც კომისიამ მარტში გამოაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას უფრო მკაცრად დაიწყებდა.

კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობა დიდი ხანია ეჭვქვეშ დგას. მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციის (MFRR) და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის მიერ 2024 წლის ოქტომბერში განხორციელებულმა ფაქტების დამდგენმა მისიამ შეშფოთება გამოხატა კომისიის მთავრობისგან არასაკმარისი დამოუკიდებლობისა და მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ჯარიმების გამოყენების გამო.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები იმ რამდენიმე შეზღუდვებს შორის არის, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის მწვავე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. არჩევნების შემდეგ, საქართველომ განიცადა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და სერიოზული გაუარესება, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ევროკავშირის წევრ ან კანდიდატ ქვეყნებში, IPI-ის მონიტორინგის მიხედვით.

სისხლისსამართლებრივი გამოძიება

არაპროპორციული და დისკრიმინაციული მარეგულირებელი ქმედებების გარდა, ბოლო კვირების განმავლობაში ახალი შეშფოთება გააჩინა სისხლის სამართლის გამოყენებამ მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ.

17 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ Formula TV-ის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო „ცრუ დასმენის“ მუხლით — დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

გამოძიება დაიწყო კინორეჟისორისა და მმართველი პარტიის ცნობილი მხარდამჭერის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა Formula TV-ის ეთერში იანვარში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო რეჟისორის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევებზე. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, მის ავტორსა და ტელეკომპანიის წამყვანს, დავით კაშიაშვილს, სოციალურ ქსელში მუქარები დაეგზავნა.

Formula TV-ის იურისტების განცხადებით, ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი მაუწყებლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პირველი პრეცედენტი. 26 ივნისს პროკურატურამ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტელეკომპანიის ჟურნალისტი დავით კაშიაშვილი დაკითხა.

პარალელურად, მიმდინარეობს ცალკეული სამოქალაქო დავა ცილისწამების შესახებ კინორეჟისორსა და ტელეკომპანია Formula-ს შორის, სადაც მოსარჩელე ითხოვს კომპენსაციას მორალური ზიანისთვის, მისი პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

IPI მოითხოვს საქართველოს პროკურატურისგან, გაითვალისწინოს სიუჟეტის საზოგადოებრივი ინტერესი, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი გამოძიება Formula TV-ის წინააღმდეგ და პატივი სცეს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას.

IPI ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მაუწყებლებისთვის დისკრიმინაციული ან არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება შესწორებული კანონის საფუძველზე სადავო ტერმინოლოგიის გამოყენების გამო, და პატივი სცეს საჯარო დებატებსა და გამოხატვის თავისუფლებას“,_ წერია განცხადებაში, რომელსაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ავრცელებს.

The post IPI: საქართველოში მედიის თავისუფლების სწრაფი გაუარესება ფიქსირდება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი