“ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ირონიული და დამამცირებელი ტონით საუბარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს”, _ ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი, ბაჩო ახალაძე ოფიციალური თბილისისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის ბოლო დროს განვითარებულ მწვავე პოლემიკას.
ბაჩო ახალაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას სულ უფრო მეტად შიდა პოლიტიკური მობილიზაციის ინსტრუმენტად იყენებს. პარტნიორების მიმართ ირონიული და დამამცირებელი რიტორიკა ვერ იქნება იმ ქვეყნის ინტერესებში, რომლის უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება ათწლეულების განმავლობაში სწორედ დასავლელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას ეყრდნობოდა. ძლიერი სახელმწიფო საკუთარი ღირსების დაცვას ხმამაღალი განცხადებებით კი არა, საერთაშორისო ავტორიტეტის, სანდოობისა და პროგნოზირებადობის შენარჩუნებით ახერხებს“, — განუცხადა „გურია ნიუსს“ ახალაძემ.
„ახალის“ ადგილობრივი ლიდერი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის კონფრონტაციული კურსი მიზანმიმართულია და მიზნად ქვეყნის ისტორიული არჩევნის შეცვლას ისახავს:
„როდესაც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად კონფრონტაციის ენით საუბრობს იმ პარტნიორებზე, რომლებმაც ქვეყნის სუვერენიტეტის, თავდაცვისა და განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ეს რიტორიკა ურთიერთობების გამოსწორებას ემსახურება თუ საზოგადოების მომზადებას მზარდი საერთაშორისო იზოლაციისთვის?
საქართველოს ისტორიული არჩევანი დასავლური ინტეგრაციაა და არა იმ ხიდების დაწვა, რომლებმაც ქვეყანას ყველაზე რთულ პერიოდებში მხარდაჭერა გაუწიეს“, _ აღნიშნავს ბაჩო ახალაძე.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისმა ვაშინგტონს ურთიერთობების გაუმჯობესების გზებზე ჰკითხა, რაზეც კონკრეტული პასუხები მიიღო.
აღნიშნულს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მსგავსი კითხვა არავისთვის დაუსვამს, რადგან „საქართველო სკოლის მოსწავლე არ არის, რომ საშემოდგომო გამოაყოლონ“.
საქართველოს პრემიერის ამ რეაქციას მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც:
„მარიონეტული „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ჩვენი შესანიშნავი და პატივცემული სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა. ეს აღმაშფოთებელია!
საქართველოში ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენაა შეღწეული. ეს უნდა შეიცვალოს!“ — დაწერა კონგრესმენმა უილსონმა.
The post ბაჩო ახალაძე: ხელისუფლება საზოგადოებას მზარდი საერთაშორისო იზოლაციისთვის ამზადებს appeared first on გურია ნიუსი.