2026 წლის 1-ელ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2026 წლის 1-ელ კვარტალში მისი მოცულობა 23.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.2%— საშუალოზე, ხოლო 18% — მცირე ბიზნესზე.
„2026 წლის 1-ელ კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 29.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.9 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2026 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 799.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.2% ქალი იყო, ხოლო 55.8% — კაცი
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4% — საშუალოზე, ხოლო 37% — მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 743.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5.319 მლრდ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4%-ით მეტი).
2026 წლის 1-ელ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 335.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 166.3 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა 1 837.6 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 126.1 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:
- მსხვილი ბიზნესი – 2 513.5 ლარი;
- საშუალო ბიზნესი – 2 786.5 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 787.2 ლარი.
2026 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 36.8%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 31.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 7.4%-იანი წილით, მშენებლობა — 4.5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 4.4%იანი წილით, ხოლო 10.9% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
2026 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.5%), ვაჭრობა (16.7%), მშენებლობა (13.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (11.7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.9%-იანი წილი ეჭირა.
2026 წლის 1-ელ კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.3, 11.4 და 9.4 პროცენტიანი წილებით.
სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (7.5 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.5 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც,“ – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.