განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებელს, რომელსაც საგნის კომპეტენცია დადასტურებული აქვს ერთ-ერთ საფეხურზე, სხვა საფეხურის კომპეტენციის დადასტურების ვალდებულება აღარ ექნება.
როგორც ცნობილია, 2024 წელს განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება გაუზარდა, თუმცა 2 წლის განმავლობაში პედაგოგებს უნდა დაედასტურებინათ კომპეტენცია იმ საგანში, რომელსაც ასწავლიდნენ, წინააღლმდეგ შემთხვევაში მათი ხელფასი კვლავ ძველი წესით იქნებოდა დაანგარიშებული, რაც მასწავლებლებისთვის ხელფასის შემცირებას ნიშნავდა. ახლანდელი გადაწყვეტილებით, სამინისტრომ ეს წინაპირობა ნაწილობრივ გააუქმა.
როგორც უწყება აცხადებს, მასწავლებლების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება: 2026-2027 სასწავლო წლიდან იმ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ VII-XII კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში და/ან მათემატიკაში, უფლება ექნებათ აღნიშნული საგნები ასწავლონ V-VI კლასებში და მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება. ვინაიდან სისტემაში არსებობს I-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, V-VI კლასებში აღნიშნული საგნების საათები თავდაპირველად გადაუნაწილდებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც I-VI კლასებში აქვთ სწავლების უფლება.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგნები ჩვენი საქართველო (V-VI კლასები) და მე და საზოგადოება (III-IV კლასები) მიეკუთვნება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს და შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, აღნიშნული საგნების სწავლების შესაძლებლობა ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების სწავლების უფლება.
ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, მე და საზოგადოების საგნის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია.
შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ გამოცდებზე, მაგრამ ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, აღარ სურთ გამოცდის ჩაბარება, შესაძლებლობა აქვთ, 11 მაისის 18:00 საათამდე განცხადებით მიმართონ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გააუქმონ კონკრეტულ საგანზე რეგისტრაცია და დაიბრუნონ გადახდილი თანხა
The post საათები სრულად ანაზღაურდება – რომელ მასწავლებლებს აღარ დააკლდებათ ხელფასი სექტემბრიდან appeared first on გურია ნიუსი.