
აზერბაიჯანი და ევროპარლამენტი
აზერბაიჯანის პარლამენტმა მილი მეჯლისმა 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტთან თანამშრომლობის ყველა არხის შეჩერებას ითვალისწინებს. ნაბიჯი მოიცავს ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში მონაწილეობის შეწყვეტას და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლის პროცესის დაწყებას.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 30 აპრილს, ევროპარლამენტის მიერ “სომხეთში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერის“ შესახებ რეზოლუციის მიღებისთანავე, ამ დოკუმენტს ბაქო “უსაფუძვლოსა და მიკერძოებულს“ უწოდებს.
რა ითვალისწინებს გადაწყვეტილება
მილი მეჯლისის დოკუმენტი სამ ძირითად ნაბიჯს განსაზღვრავს:
● ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეჩერებულია ყველა მიმართულებით;
● ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო კომიტეტში განხილვები შეწყდა;
● დაიწყო ევრონესტში წევრობის შეჩერების პროცესი, რომლის განმავლობაში აზერბაიჯანის დელეგაცია ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ერთჯერადი რეაქცია, არამედ გრძელვადიანი პოლიტიკის გაგრძელება. დოკუმენტში ასევე იხსენებენ 2015 წელს მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებას, როდესაც ურთიერთობები ევროპარლამენტთან შეწყდა და მოგვიანებით მხოლოდ “მოწოდებებისა და დაპირებების“ საფუძველზე აღდგა.
სად დაიწყო დაპირისპირება
ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ფორმალურად სომხეთს ეხება, მოიცავს პუნქტებს აზერბაიჯანის შესახებაც და სწორედ ამ ნაწილებმა გამოიწვია ბაქოს მწვავე რეაქცია.
დოკუმენტი მხარს უჭერს ყარაბაღელი სომხების უფლებებს, მათ შორის უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საერთაშორისო გარანტიებით და მოითხოვს სომეხი პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე, დოკუმენტში საუბარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შესაძლო დარღვევების გამოძიებაზე.
ბაქოში მიიჩნევენ, რომ ეს ფორმულირებები რეალობას არ ასახავს და პოლიტიკურად მოტივირებულია.
ბაქოს არგუმენტები
აზერბაიჯანის ხელისუფლება რამდენიმე ძირითად საკითხს გამოყოფს:
● ის აპროტესტებს ტერმინ “მთიანი ყარაბაღის“ გამოყენებას და ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით არსებობს მხოლოდ ყარაბაღის ეკონომიკური რეგიონი;
● უარყოფს სომხების იძულებითი გადაადგილების ბრალდებას და აცხადებს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონი ნებაყოფლობით დატოვა, მიუხედავად რეინტეგრაციის შეთავაზებისა;
● არ ეთანხმება “სამხედრო ტყვეებისა“ და “მძევლების“ ტერმინოლოგიას და ამტკიცებს, რომ დაკავებულები გასამართლებული პირები არიან;
● უარყოფს კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ბრალდებებს და პარალელურად მიუთითებს საერთაშორისო დუმილზე ოკუპაციის პერიოდში აზერბაიჯანული ძეგლების დაზიანების მიმართ.
● რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩი ბაქოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ოფიციალური რეაქციები
პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმათ ჰაჯიევმა რეზოლუციას “დიპლომატიური სირცხვილი“ უწოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის მცდელობები მიმდინარეობს.
მისი თქმით, რეზოლუცია საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს და შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც რეგიონში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს.
პარლამენტის სპიკერმა საჰიბა გაფაროვამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ინარჩუნებს აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებულ პოზიციას. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ომის შემდეგ ევროპარლამენტმა ბაქოს წინააღმდეგ ათზე მეტი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
დეპუტატი ზაჰიდ ორუჯი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რიტორიკა ზოგჯერ ერევნის ოფიციალურ პოზიციებსაც კი აჭარბებს.
“ცივი დისტანცია“, არა სრული გაწყვეტა
ანალიტიკოსი აზერ გარაევი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულ დიპლომატიურ გაწყვეტას არ ნიშნავს. მისი შეფასებით, ის ქმნის “ცივ პოლიტიკურ დისტანციას“, სადაც ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა პოლიტიკური დიალოგი უფრო ფრთხილ და ნაკლებად ნდობის გარემოში გადავა.
ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ევროპარლამენტთან დაძაბულობა ავტომატურად არ ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტას.
ბაქოსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობა ეფუძნება 1999 წლის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, ხოლო ახალ ჩარჩო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობს.
2026 წლის დასაწყისში მხარეებმა განაცხადეს თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში. ეს მიუთითებს, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა გრძელდება, მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებებისა.
ანალიტიკოსები ამ ურთიერთობას აღწერენ, როგორც წინააღმდეგობრივ კომბინაციას: ერთ მხარეს ღირებულებებსა და უფლებებზე ორიენტირებული ევროპარლამენტი, მეორე მხარეს კი პრაგმატულ თანამშრომლობაზე ორიენტირებული აღმასრულებელი სტრუქტურები.
უფრო ფართო კონტექსტი: დაძაბულობა ევროპულ ინსტიტუტებთან
ევროპარლამენტთან მიმდინარე კრიზისი იზოლირებული შემთხვევა არ არის. 2024 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება არ დაადასტურა, რაც ბაქომ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეაფასა და საპასუხოდ ასამბლეაში მონაწილეობა შეაჩერა.
ეს მოვლენები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები უკვე წლებია მყიფე და პერიოდულად კრიზისული ხასიათისაა, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად სტრატეგიული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, კვლავ გრძელდება.