
ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ „ქართული ოცნების“ მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. დავის საგანი „არაბული ქალაქების“ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების უკანონო გასაიდუმლოებაა. ეკონომიკის სამინისტრომ გამოცემას უარი უთხრა კომპანია „Eagle Hills“-თან გაფორმებული საინვესტიციო და უზუფრუქტის ხელშეკრულებების გადაცემაზე. უარის მოტივად სამინისტრომ მიუთითა მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრის N1712 განკარგულება, რომლითაც აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია „კომერციულ საიდუმლოებად“ არის მიჩნეული და სრულად გასაიდუმლოებულია.
„მთის ამბები“ ითხოვს, სასამართლომ ბათილად ცნოს მთავრობის გადაწყვეტილება დოკუმენტების სრულად გასაიდუმლოების შესახებ და ეკონომიკის სამინისტროს დაავალოს, საზოგადოებას წარუდგინოს ყველა დოკუმენტი, რომელიც კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოში ჭოროხის დელტის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მომავალს ეხება.
არაბულ საინვესტიციო კომპანია „Eagle Hills“-სა და მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმებით, თბილისსა და ბათუმში გიგანტური დეველოპერული პროექტების განხორციელება იგეგმება. საუბარია 876 ჰექტარ მიწაზე, მათ შორის კრწანისის უნიკალურ ჭალის ტყეზე, რომელიც დედაქალაქის ჰაერის აერაციის ერთადერთი არტერიაა და გონიოს „ზურმუხტის ქსელის“ დაცულ ტერიტორიაზე.
სარჩელის ავტორები – გელა მთივლიშვილი და ვლადიმერ ქუთათელაძე მიუთითებენ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციის გასაიდუმლოება კანონით კატეგორიულად აკრძალულია.