სოფელ თხილაგანში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია სამტრედიის მუნიციპალიტეტში.
სოფელ თხილაგანში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ცირკული ტიპი, არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
იმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 2 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, მხოლოდ იმერეთში გამოვლენილია ტყით უკანონო სარგებლობის 50-მდე ფაქტი.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება”,_ აცხადებს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი.
The post უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.