ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი დააგეს, გზა ჩავარდა და მანქანა ჩაიყოლა.
სამუშაოებს კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს.
ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამაა.
26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილი მანქანა ამწეს საშუალებით ამოიყვანეს.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ასფალტი, „ბათუმელებმა“ ეს კითხვა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელს ბაქარ ჩიტაიას დაუსვა.
„ბათუმის წყლის მილი დაზიანდა, რომელმაც დააზიანა გზის სავალი ნაწილი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბაქარ ჩიტაიამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
კითხვაზე, სანამ გზის რეაბილიტაციას დაიწყებდნენ და ასფალტს დააგებდნენ, მოხდა თუ არა 26 მაისის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ბაქარ ჩიტაია პასუხობს:
„კომუნიკაციები შეიცვალა, გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა, მაგრამ მოხდა ტექნიკური დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სავალი ნაწილის დაზიანება“.
26 მაისის ქუჩაზე მიმდინარე წლის 17 მარტამდე ქვაფენილი იყო დაგებული.
ბათუმის მერიამ ქუჩის რეაბილიტაცია 18 მარტს დაიწყო.
ქუჩაზე ჯერ ქვაფენილი აყარეს, შემდეგ კი ასფალტი დააგეს.
20 აპრილს კი ახლადდაგებული ასფალტი ჩავარდა.
26 მაისის ქუჩის ეს მონაკვეთი იმ 15 ქუჩას შორისაა, რომელთა რეაბილიტაციისათვის ბათუმის მერია ჯამურად 5 649 994 ლარს ხარჯავს.
ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი 2009“-სთან მერიამ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 28 იანვარს გააფორმა.
„ბონდი-2009“ ბათუმში 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიაა.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს [თითოეული 25%-ს] ფლობენ: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე. კომპანიის დირექტორია მამუკა დოლიძე.
კომპანიის ოთხი დამფუძნებლიდან სამი „ოცნების“ შემწირველია.
ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 2021-2025 წლებში ჯამში 207 ათასი ლარი შესწირა, დავით დევაძემ [2023-2025 წლებში] – 170 ათასი ლარი, ხოლო ნუკრი დოლიძემ [2021-2025 წლებში] – ჯამში 228 ათასი ლარი.
ამასთან, ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია [„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული სიით]. ასევე არის საკრებულოს ფრაქციის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.
განახლება:
ახლადდაგებული ასფალტის ჩავარდნის გამო განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა 355 მმ დიამეტრის მილი. წყლის ამოხეთქვის შედეგად დაზიანების ადგილზე მიწის მასა ჩაიშალა, რამაც იქ მდგომი ავტომობილის ჩავარდნა გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების შედეგად წყალმომარაგება არ შეზღუდულა.
პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია არ მოიცავდა წყალმომარაგების მილების განახლებას. დაზიანების გამომწვევ საბოლოო მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
წყარო:netgazeti.ge
The post ბათუმში ახლად დაგებული გზა ჩავარდა და მანქანა ჩაიყოლა appeared first on გურია ნიუსი.