გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ გაიმართება. ამ დროს მოსახლეობა ცეცხლის დასანთებლად ხშირად იყენებს მუნიციპალურ ნარჩენებს, რაც გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშ ტოქსიკურ და კანცეროგენულ აირებს წარმოქმნის. განსაკუთრებული რისკია ბავშვებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში.
წლების განმავლობაში გამკაცრებული კონტროლისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში სამართალდარღვევათა რაოდენობა შემცირდა, თუმცა რიგ რეგიონებში ტრადიცია დღემდე აქტიურია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია დაწვა აკრძალულია.
ჯარიმები კი ასეთია:
- ფოთლები, ბაღის/პარკის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები – 500 ლარი
- საბურავები, რეზინა და სხვა ელასტომერული მასალები – 1 500 ლარი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას უზრუნველყოფენ, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 153. თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.