ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია – სანქცია 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის 1000 ლარზე მეტი ოდენობის შემთხვევაში, ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბზის მოპოვება მხოლოდ კერძო სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან განახორციელონ, შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
კოლხური ბზა დაცული სახეობაა და მისი მოჭრა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილი განცხადებით, დარღვევების თითოეულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბზის ხმობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. კოლხურ ბზას საფრთხეს უქმნიდა როგორც პათოგენური სოკო, ასევე ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.
სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, რის შედეგადაც მავნებლის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირებულია.