სააგენტო "პარალელი"
“სამომავლოდ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს და განვითარდეს ახალგაზრდობის პროგრამა” – გივი მიქანაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, წელს მიიღო მონაწილეობა ამ ბანაკში. აქ იყო შესაძლებლობა როგორც თემატური საკითხების განხილვის, ასევე მნიშვნელოვანი იყო ახალი მეგობრების შეძენა, ურთიერთობების დამყარება.
სამომავლოდ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს და განვითარდეს ახალგაზრდობის პროგრამა, როგორც საზაფხულო ბანაკების, ასევე ახალგაზრდული ცენტრების კუთხით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
2026 წლის ბანაკის ბოლო ნაკადს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.
2026 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 12 ნაკადად განხორციელდა და ჯამში 2 880 ახალგაზრდას უმასპინძლა, მათ შორის, 720 სკოლის მოსწავლესა და 2160 სტუდენტს.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.
მიმდინარე წელს ანაკლიაში განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.
ინფორმაციებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს
“სამომავლოდ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს და განვითარდეს ახალგაზრდობის პროგრამა” – გივი მიქანაძე
პარალელი