სიახლე

„ჩემი შვილი ყუმბარას გადაეფარა და სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა“ — ზაზა დამენიას ოჯახის მოგონებები

GuriaNews

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ოჯახის მოონებები მწერალ გიორგი კეკელიძის წიგნში — „ანწუხელიძე — ომის ნამსხვრევები“ გამოქვეყნდა. ფრაგმენტს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ჩემი შვილი ყუმბარას გადაეფარა. ჩემმა შვილმა სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.მრუმე ღამე იყო. უვარსკვლავო. უმთვარეო. თუ გაგეღვიძა და დააკვირდი – ასეთი ღამეები, გგონია, რომ არასდროს გათენდება.არ გათენდა – არც ზაზასთვის. არც ჩემთვის.,,გიორგის მიმიხედეთ!’’ – […] The post „ჩემი შვილი ყუმბარას გადაეფარა და სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა“ — ზაზა დამენიას ოჯახის მოგონებები appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ოჯახის მოონებები   მწერალ გიორგი კეკელიძის წიგნში — „ანწუხელიძე — ომის ნამსხვრევები“ გამოქვეყნდა. ფრაგმენტს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩემი შვილი ყუმბარას გადაეფარა. ჩემმა შვილმა სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

მრუმე ღამე იყო. უვარსკვლავო. უმთვარეო. თუ გაგეღვიძა და დააკვირდი – ასეთი ღამეები, გგონია, რომ არასდროს გათენდება.

არ გათენდა – არც ზაზასთვის. არც ჩემთვის.

,,გიორგის მიმიხედეთ!’’ – იყვირა მამაჩემმა და ყუმბარას გადაეფარა. მამაჩემმა სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

,,დავპირდი და ვერ ჩავედი.’’ – იფიქრა ჩემმა ქმარმა. მე ველოდი. ზუსტად იმ დღეს ველოდი და არ მოვიდა. ჩემმა ქმარმა სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ციური წერეთელი ვარ – ზაზა დამენიას დედა.

გიორგი დამენია ვარ – ზაზა დამენიას შვილი.

ზაზა დამენიას ცოლი ვარ – ხათუნა ხუხუნაიშვილი.

ჩემს შვილს წიგნები უყვარდა. კითხვა. და წერაც. წერდა მშვიდობაში. ომშიც. დაბა აგუძერასთან, ფრონტულ დღიურებში მოუნიშნავს ეს უცნაური ფრაზა: ,,ადამიანის სიცოცხლე ბავშვის პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანია’’.

არ ვიცი სად ნახა ჭუჭყიანი პერანგი და ისიც ხანმოკლე, მაგრამ იმ ომში რომ წავიდა, ბავშვი იყო თვითონც.

არ ეკუთვნოდა წასვლა და მაინც წავიდა.

მეგონა ვალეში, სამხედროში მსახურობდა და ჩემი დაბადების დღე როცა დადგა, წერილს ველოდი მისგან. დაბადების დღე მოვიდა და წერილი – არა.

ავდექი და რკინის ქალამანი ჩავიცვი. სად არ ვიარე იმ უბედურ და გაურკვეველ დროში. ვის კარზე არ ვაკაკუნე. გაუღებელზე.

ბოლოს დეპეშა მივიღე: ცოცხალია. ოღონდ ვალეში არ არის. აფხაზეთში წავიდა და იქ იბრძვის.

კვირაში ერთი შეკივლების ხმა მაინც აძრწუნებდა ოზურგეთს.

ჩვენ ოზურგეთიდან ვართ. მე და ჩემი ქმარი – გრიგოლი, სულ ამ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით. გოგო და ბიჭი გვეყოლა.

ჰოდა, ოზურგეთს, კვირაში თითო შეკივლების ხმა აძრწუნებდა. აფხაზეთში მოკლულ ბიჭს როცა მიასვენებდნენ, მაშინ.

ვცნობდი იმ მანქანის ბორბლების ხმას. ვცნობდი და მზარავდა – ვაითუ, ჩემს ჭიშკართანც გაჩერდეს ერთხელ.

მაშინ გადავრჩი. და დაბრუნდა.

ჩემმა შვილმა იარაღი ომში გაიცნო. მანამდეც სანადიროდაც არ ყოფილა. გაიცნო და შეუყვარდა. ეს საქმე გააგრძელა ნაომარმაც და თბილისში, ვაზიანში წავიდა სამხედროდ.

ცოლი შეირთო. შვილი ეყოლა. ბიჭი.

ჩემი ქმარი ვაზიანიდან, ჩველებრივ, რვის ნახევარზე ბრუნდებოდა ხოლმე. იმ დღეს ადრე მოვიდა. მშვიდად თქვა, ცხინვალში მიშვებენო. საშიში არაფერიაო. 17 აგვისტოს სხვა ბიჭები შეგვცვლიან და ჩამოვალო. ივლისი მიწურული იდგა.

ბარგი რომ ჩაალაგა, ლოგინზე წამოწვა და გვერდით მომისვა. მერე ისე ჩამეხუტა, რომ ძვლები მეტკინა. მერე ჩაეხუტა ბავშვსაც და ჩაიჩურჩულა: როდისღა გნახავთო.

მერე მითხრა, მე რომ მოვკდვები, შენი ცრემლები გულზე უნდა დამაშრესო. გავბრაზდი. ვეჩხუბე. გამიღიმა. ვიხუმრეო. და ბარგი ზურგზე მოიგდო.

საკუთარი თავი იმ დღიდან მახსოვს. ოთხი წლის ვიყავი. კუდში დავსდევდი მიმავალ მამას. ოთახში საითკენაც წავიდოდა, მივყვებოდი. თითქოს მისი სხეულის გაგრძელებად ვიქეცი.

ეს მახსოვს ცხადად და კიდევ ის, რომ გასვლისას მითხრა: ,,ახალ სამხედრო ფორმას ჩამოგიტანო’’. არ ვიცი, რად მინდოდა პატარა ბავშვს ის ფორმა, მაგრამ გამიხარდა და ფეხზე ჩავუხტე. ხელში ამიყვანა და თვალებზე მაკოცა.

ჩავედით. რაღაც ძველი, დანჯღრეული მარშუტკა მოვიდა. ვაზიანამდე უნდა წაეყვანა. ჩაჯდა და წავიდა მამა.

ურჩხული მეგონა ის მარშუტკა. ვიდექი და ვუყურებდი ცრემლით და ბრაზით რკინის ყუთს, რომელმაც მამა მომტაცა. ურჩხული მეგონა. ან არ მეგონა და იყო კიდეც.

16 აგვისტოს ბავშვი ქობულთში წავიყვანე. ბათუმის ელექტრიჩკით. ოზურგეთიდან. მეთქი ზღვაზე ვაბანავებ და ნაყინს ვუყიდი. საღამოს უკან დავბრუნდებით. ხვალ ზაზა ჩამოვა და მერე ერთად წავალთ.

მატარებლში ხალხი ვიშვიშებდა. ამბობდნენ, ბიჭები დაუხოცავთო. ომი იწყებაო. ყრუდ ვიქეცი. ყველა სიტყვა ავისხლიტე.

ქობულეთში, სადგურზე ფეხი დავდგი თუ არა, უცებ მომეჩვენა, რომ ზაზას ცისფერი კოსტუმი ეცვა და კუბოში იწვა. იმდენად ცხადად მომეჩვენა, რომ ვიყვირე.

ბავშვს შეეშინდა და ატირდა.

აღარ მახსოვს, ზღვაზე ვიბანავეთ თუ არა, შეიძლება კი, შეიძლება – არც. ნაყინი ვჭამეთ თუ არა – ეგეც აღარ მახსოვს.

მახსოვს, რომ წყალს ვასმევდი და ვაიმე, დედიკო, მუცელიო, დაიყვირა და ჩაიკეცა. რა გჭირს-მეთქი და თითქოს ორად გამჭრეს დედიკოო!

მოვეფერე. ჩავეხუტე. ხელით დავუზილე მუცელი.

ვეუბნებოდი, არა, დედა, შეხედე, ისევ ერთი მუცელი გაქვს, ნუ გეშინია!

ჩვეულებრივი აღარაფერი ხდებოდა იმ დღეს.

უკანა გზაზე ელექტრიჩაკში, ერთმა მოხუცმა ქალმა თქვა, ვიღაც ოზურგეთელი ბიჭიც დაღუპულაო. რა ოზურგეთელი?! – გავიცინე ხმამაღლა – აბა, რა ოზურგეთელი?!

მოხუცი მეჩხუბა – რა ნახეო სასაცილო.

იმან რა იცოდა, მე რა ვნახე.

დავბრუნდი. დედაჩემის და მამაჩემის სახლში. ბავშვი დავაძინე. მეც ჩამეძინა და უცებ გული მაღვიძებს. ფრიალებს გული და მკერდზე მიკაკუნებს, თითქოს კარის გაღებას მთხოვს. გულს უნდა ამოვიდეს და დამტოვოს.

წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი და ხალხს ვხედავ ჩემს ეზოში.

უფიქროდ ჩავირბინე კიბეები და დედაჩემს მივვარდი. ბებიაშენია ცუდადო – დედაჩემმა. რას მიმალავთ, ეგერ დგას ბებია! – ვიყვირე მე და ქუჩისკენ გავიქეცი.

ერთმა ნათესავმა ქალმა დამავლო მკლავზე – ზაზა სახლში მიიყვანეს, მძიმედ არის დაჭრილიო.

მე ვყვირი, თუ მძიმედ არის დაჭრილი, საავადმყოფოში რატომ არ არის?! სახლში რა უნდა?!

მაშინ იმ ქალმა, ნათესავმა მკლავზე კიდევ უფრო მომიჭირა და მითხრა: ხათუნა გამაგრდი!

და ყველაფერს. გავმგარდი. და წავედი ჩემი ქმრის სახლში.

საშინელია რამე ეს გამაგრება. ამ გამაგრებით ხვდები, რომ ადამიანს შეუძლია რკინად იქცეს და ეს ყველაზე უფრო საშინელი განაჩენია. როცა ადამიანი ადამიანი აღარ არის, არამედ – რკინა. როცა ადამიანი მაგრდება.

მივედი და კუბოს გადავხადე. ჩემი ქმარი იწვა, ორად გაპობილი და რაღაც სქელი ძაფით შეკრული.

დედიკო, დედიკო, მუცელი მტკივა, ორად გამჭრეს! – შუადღიდან მომესმა ჩემი შვილის ხმა.

იქვე დავიჩოქე. ზურგით მივეყრდენი კუბოს. ცრემლებს ვეძებდი, ჩემი ქმრის გულზე რომ დამეშრო. ვერ ვიპოვე.

მე უფრო ადრე გავიგე ზაზას სიკვდილი. შუადღისას ბაზარში ვიყავი და ერთმა ქალმა უთხრა ბუტკის გამყიდველს – გაიგე, ოზურგეთელი ბიჭი მოუკლავთ ერედვის მთასთანო.

ეს ერედვი არ ვიცოდი სად იყო და მშვიდად წამოვედი. ცხინვალში არ მეგონა.

სახლთან რომ მივედი, ჩემს ეზოში ხალხი დავინახე და მაშინვე მივხვდი, სად იყო ერედვი.

თურმე წინა დღესაც აუფეთქებიათ ყუმბარა. სახეზე შეყრია ნამსხვრევები ზაზას და ნამსხვრევებში მიწა ჩაფენია. მზერას უშლიდა. წადიო – მეთაურმა ბალახაძემ. არაო – ზაზამ.

მამაჩემი რომ დავკრძალეთ, ვახლდი.

მასე მერე, ქვიშაში როცა ვთამაშობდი, მხოლოდ სასაფლაოს ვაკეთებდი ქვიშით. მეტი არაფერი ვიცოდი. მეტი არაფერი მახსოვდა.

მაშინ 2004 წლის აგვისტო იდგა. აგვისტო სისხლის თვეა ჩვენთან.

ახლა პატარა ბიჭი გამიჩნდა. თვეებისა. ზაზა დავარქვი.

ქვიშაში როცა ითამაშებს, სასაფლაოს არ გააკეთებს ზაზა.

რადგან ეს ამბავი სამმა მოვყევით. კაცზე, რომელმაც სამი გადაარჩინა.

მეოთხემ სხვა რამე უნდა გააკეთოს.

წიგნიდან #ანწუხელიძე ომის ნამსხვრევები

The post „ჩემი შვილი ყუმბარას გადაეფარა და სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა“ — ზაზა დამენიას ოჯახის მოგონებები appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი