როგორც ცნობილია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა.
_ როდის დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია? დასრულდა თუ არა რეორგანიზაციის პროცესი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში? ვინ გათავისუფლდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად? დაინიშნენ თუ არა ახალი თანამშრომლები რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ? შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ სრული ჩამონათვალი საშტატო და სახელშეკრულებო თანამდებობებისა და სახელფასო სარგოების შესახებ, პერსონალური ინფორმაციის მითითების გარეშე? _ ეს კითხვები my.gov.ge-ის მეშვეობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, მინდია ჟღერიას, 18 აგვისტოს მივწერეთ.
პასუხი 10 დღის ვადაში მივიღეთ.
შეიძლება ითქვას, რომ მათ მიერ მოწოდებულ წერილში ჩვენს კითხვებზე პასუხი ნაწილობრივ არის გაცემული.
“თქვენი CA00412614577845 (18.08.2026 წელი) წერილის პასუხად, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო 2026 წლის 14 მაისს და დასრულდა 2026 წლის 14 აგვისტოს.
რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლების დანიშვნა არ მომხდარა. პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდა შიდა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ვაკანტური თანამდებობების შევსებას მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე დასაქმებული, შესაბამისი გამოცდილების მქონე მოხელეთა შერჩევის გზით.
სრული ჩამონათვალი საშტატო თანამდებობებისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6953736?publication=0“, _ აღნიშნულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებულ წერილში.
The post “რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლები არ დანიშნულან” _ ჩოხატაურის მერია appeared first on გურია ნიუსი.